„გია ვოლსკი არის საცემი იმისთვის, რაც თქვა; არავის მოვუწოდებ მისი ცემისკენ, ძალადობისკენ, თუნდაც იმიტომ, რომ ასაკოვანი ადამიანია, მაგრამ მისი ტოლი რომ ვიყო, კაცი რომ ვიყო, პირდაპირ გეუბნებით, ვცემდი“, _ განაცხადა „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ „ფორმულას“ ეთერში.
„ივერი მელაშვილი, 60 წელს გადაცილებული კაცი, რომელიც ციხეში იჯდა, რომელიც აბსოლუტურად არაფერ შუაშია იმ უბედურებასთან, რაც დააბრალეს; ძალიანაც რომ სდომოდა მიწების გაყიდვა, ამისი უფლებამოსილება არ ჰქონდა და ვერაფერს გააფუჭებდა – რა თქვა დღეს ვოლსკიმ, რომ ივერი მელაშვილი, გულით ავადმყოფი კაცი, ოთხი თვე რომ ციხეში იჯდა, ვიღაცამ სპეციალურად მიიყვანა მაღაზიაში, რომ მას შეურაცხყოფა მიეღო ვიღაცისგან. აღარ მეგონა, 30 წლის თავზეც ასეთ საზიზღრობებს თუ ვნახავდი“, _ განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველმა ვიცე–სპიკერმა, გია ვოლსკიმ დღეს განაცხადა: „გასაგებია საზოგადოების გაღიზიანება, დამოკიდებულება, ემოციების შეჯახება დავით გარეჯის თემასთან დაკავშირებით. თვალსაჩინოა – ადამიანები, მიწათამზომველები არიან თუ არ არიან სპეციალისტები და გარკვეულ ოქმებზე მოაწერეს ხელი, საზოგადოებას უნდა წარუდგინო და ხშირად ატარო თავშეყრის ადგილებში, იქნებ ვინმემ შეურაცხყოფა მიაყენოს, იქნებ ვინმემ აგრესია გამოხატოს. თუკი სასამართლოს გადაწყვეტილება არ იქნა ისეთი, როგორსაც ისინი ელოდებიან, იქნებ, მერე ეს საზოგადოების სასამართლოზე ზეწოლას დააბრალონ – ეს ტაქტიკა იმდენად ადვილად იგრძნობა და იშიფრება, რომ ამაზე საუბარიც კი აღარ იყო საჭირო“.