ცნობილმა გერმანულენოვანმა ქართველმა მწერალმა და თეატრის რეჟისორმა, ნინო ხარატიშვილმა, გერმანიაში კიდევ ერთი ლიტერატურული ჯილდო მიიღო. ავტორი ამჯერად გიზელა ელსნერის ლიტერატურული პრემიის მფლობელი გახდა.
პრიზი ნიურნბერგის ლიტერატურულმა სახლმა წელს უკვე მეორედ გასცა. პრემია 10 ათას ევროს შეადგენს. ჟიურის თქმით, ხარატიშვილის შემოქმედება დღევანდელ მსოფლიოში განსაკუთრებით აქტუალურია.
“ავტორი ახერხებს, არა მხოლოდ საქართველოს წარსული წარმოაჩინოს ევროპის ისტორიის ნაწილად, არამედ ქართული ლიტერატურისა და კულტურის ევროპული ხასიათიც ასახოს თავის შემოქმედებაში”, — ნათქვამია ჟიურის განცხადებაში, — “ეს არის ცალკეული პიროვნებების ხვედრისა და ისტორიული სინამდვილის შერწყმა, რაც, უკრაინაში მიმდინარე სამხედრო აგრესიის ფონზე, ხარატიშვილის ტექსტებს სხვა ნებისმიერ ლიტერატურულ ხმაზე მეტ აქტუალურობას სძენს”.
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე თვის წინ ნინო ხარატიშვილს გერმანიაში კარლ ცუკმაიერის მედალიც გადაეცა “გერმანული ენისა და მხატვრული სიტყვის” წინაშე დამსახურებისთვის. მაშინ ხარატიშვილი “ერთ-ერთ უდიდეს გერმანულენოვან მთხრობლად” მოიხსენიეს და აღნიშნეს, რომ “უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიის ფონზე, მისი რომანები შემაშფოთებლად რელევანტურია”.
წყარო: www.on.ge