ნინო ლომჯარია პანკისშია და ამ წუთებში მაჩალიკაშვილის ოჯახს ხვდება. დღესვე, ლომჯარია 13:30 საათზე ყოფილი კულტურის სახლში ადგილობრივ პედაგოგებთან და ქალთა საბჭოსთან გამართავს შეხვედრას, 15:00 საათზე უხუცესთა საბჭოსთან, ხოლო 16:00 საათზე, სახალხო დამცველი პანკისის ხეობაში მცხოვრები მუსლიმი თემის წარმომადგენლებს დუისის მეჩეთში შეხვდება.
საქართველოს სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას პანკისის ხეობაში გამგზავრებასა და მაჩალიკაშვილების ოჯახთან შეხვედრაზე, კომენტარი გააკეთა დევნილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა. მინისტრის თქმით, სახალხო დამცველის არა მხოლოდ უფლება, არამედ ვალდებულებაცაა, როცა საზოგადოებაში კითხვები ჩნდება, ვითარება ადგილზე შეისწავლოს.
მისივე განმარტებით, ნებისმიერი მოქალაქის სიკვდილი მტკივნეულია ოჯახისა და ქვეყნისათვის, თუმცა პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის შემთხვევაში თავიდან იყო აცილებული ტერაქტების სერია, რომელსაც შესაძლოა გაცილებით მეტი მსხვერპლი მოჰყოლოდა.