”ქართული ოცნების” მიერ სახალხო დამცველის პოსტზე საკუთარი კანდიდატურის დასახელებას სოციალურ ქსელში ეხმაურება ნინო ლომჯარია. იგი ბათუმში დატრიალებული ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს უსამძიმრებს.
”პირველ რიგში, მინდა ღრმა მწუხარება გამოვთქვა. ბათუმში დაღუპული პირებისა და წუხანდელი ღამის ტრაგიკული მოვლენების გამო, ვერ გამოვეხმაურე საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ჩემი კანდიდატურის დასახელებას სახალხო დამცველის პოსტზე. მინდა მადლობა გადავუხადო მმართველ ძალას ამ საპასუხისმგებლო პოზიციაზე ჩემი კანდიდატურის მხარდაჭერასა და ამ პროცესში სამოქალაქო საზოგადოების პოზიციების გათვალისწინებისთვის. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა არასამთავრობო სექტორს, თითოეულ თქვენგანს გამოხმაურებისა და მხარდაჭერისთვის. წინ საპარლამენტო განხილვებია და აქვე მინდა გამოვხატო ჩემი მზადყოფნა, შევხვდე ყველა საპარლამენტო ფრაქციას, მათი სურვილის და ინტერესის შემთხვევაში და გავცე მათ შეკითხვებს პასუხი. ჩემთვის, როგორც სახალხო დამცველის კანდიდატისთვის, მნიშვნელოვანი იქნება, ამ პროცესში მოვიპოვო, ასევე, საპარლამენტო ოპოზიციის მხარდაჭერაც”, _ წერს ნინო ლომჯარია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.