დიაგნოზებიც დასმულია, მკურნალობაც მიმდინარეობდა და ფაქტობრივად, მისულები ვართ რეაბილიტაციის ფაზასთან, – ამის შესახებ ნინო ნადირაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. კლინიკა „ვივამედის“ დირექტორი ამბობს, რომ პაციენტს არაერთხელ ჩაუტარდა ყველა კვლევის სრული სპექტრი და ამ პროცესში მონაწილეობდნენ როგორც კლინიკის თანამშრომლები, ასევე მიწვეული სპეციალისტები.
„შემიძლია ვთქვა, რომ პაციენტის ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევის მონაცემები გვაძლევს საშუალებას, რომ პაციენტი კვლავ აგრძელებდეს მკურნალობას თერაპიულ განყოფილებაში. ის არ საჭიროებს ინტენსიურ დაკვირვებას, ინტენსიური თერაპიისა თუ კრიტიკული მედიცინის განყოფილებაში გადაყვანას“, – განაცხადა ნადირაძემ.
მან ასევე აღნიშნა, რომ „ვივამედის“ თანამშრომლებს კოლოსალური ზეწოლის ქვეშ უწევთ მუშაობა და განცხადებები იმის შესახებ, რომ საქართველოში სააკაშვილის მკურნალობის რესურსი არ არსებობს, ქართული მედიცინისთვის შეურაცხმყოფელია.
მიხეილ სააკაშვილი „ვივამედში“ 5 თვეა მკურნალობს.