15 ოქტომბერი სოფლად მცხოვრები ქალების საერთაშორისო დღეა. სამოქალაქო მოძრაობა “თავისუფლებისთვის” ერთ-ერთი დამფუძნებელი და ფემინისტი, ნინო ურუშაძე “გურია ნიუსთან” საუბრის დროს აღნიშნავს, რომ: “სირთულეებიდან გამომდინარე, რაც სოფელში ცხოვრებას ახლავს, სოფლად მცხოვრებ ქალებს კიდევ უფრო მძიმედ აწევთ შინ შრომის ტვირთი. უმეტესად მათ უწევთ საოჯახო მეურნეობის გაძღოლა, რაც განსაკუთრებულ ფიზიკურ შრომას მოითხოვს, ამას ემატება ბავშვებისა და ოჯახის სხვა წევრების მოვლის ვალდებულება“.
ნინო ურუშაძე: “საქართველოში ამ მხრივ კიდევ უფრო რთული სიტუაციაა. გურიის სოფლები რომ ავიღოთ, დღემდე გადაუჭრელია წყლის პრობლემა, მაშინ, როცა სოფლის ყველა საქმე დაკავშირებულია წყალთან _ წყალი მოსავლისთვის, საქონლისთვის, სარეცხისთვის, საჭმლის მოსამზადებლად, პირადი ჰიგიენისთვის… ხშირად მინახავს, როგორ ეზიდებიან ქალები, მათ შორის, ხანდაზმული ქალები წყალს შორიდან ან ელოდებიან წვიმას, რომ წყალი შეაგროვონ.
ამას ემატება უტრანსპორტობა, სამუშაო ადგილების არარსებობა, ქალები არ არიან ჩართული ან ნაკლებად ერთვებიან საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში.
წლებია, სახელმწიფო ამ პრობლემებს არ ან ვერ აგვარებს, რაც იმას იწვევს, რომ სოფლებში ქალები აღარ რჩებიან _ ნებისმიერ სოფელში რომ გაიაროთ, ნახავთ, რომ ყველა მეორე ოჯახიდან ქალი ემიგრაციაშია წასული.
სამწუხაროდ, საქართველოს დღევანდელი მთავრობა რეალური პრობლემების მოგვარების ნაცვლად, მავნებლობაზეა გადასული და ებრძვის მათ შორის იმ ტიპის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომლებიც წლების განმავლობაში ზრუნავდნენ სოფლად მცხოვრები ქალების მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, მათ ინდივიდუალურ განვითარებაზე, ეწეოდნენ ამ ქალების პრობლემების ადვოკატირებას ადგილობრივ ხელისუფლებასთან. იმ რეპრესიული კანონმდებლობის გამო, რაც დღეს საქართველოში მოქმედებს, მსგავსი ტიპის ორგანიზაციები დღეს ვეღარ ფუნქციონირებენ. შესაბამისად, იმის მოლოდინი, რომ ამ ხელისუფლების პირობებში სოფლად მცხოვრები ქალების პრობლემები შემსუბუქდება და მათი ცხოვრების ხარისხი გაუმჯობესდება, ნაკლებად არსებობს.“ – გვითხრა ნინო ურუშაძემ.





























































