გარემოს ეროვნულმა სააგენტოს პროგნოზით, საქართველოში უახლეს დღეებში ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი.
დღეს, 14 იანვარს ქვეყნის უმეტეს ტერიტორიაზე თოვლი მოვიდა. ძლიერ ნალექს თან ახლავს დასავლეთის ძლიერი ქარი, ასევე მოსალოდნელია 4-5-ბალიანი შტორმი ზღვაზე.
- ნისლის, დიდთოვლობის, ქარბუქის, ხილვადობის გაუარესების, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შეზღუდვები დაწესდა, ნაწილზე კი მოიხსნა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ97-კმ162 (რუისის სატრანსპორტო კვანძი-ბორითის სატრანსპორტო კვანძი) მონაკვეთზე, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.
ხოლო საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
- ინტენსიური თოვის გამო, შეზღუდვა დაწესდა ვერონა-თელავის გზის მონაკვეთზე.
“შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ36-კმ64 (ვერონა-თელავი) მონაკვეთზე, დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება შეზღუდულია.
საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია,“ – ავრცელებს დეპარტამენტი.
რაც შეეხება გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზას, კმ1-კმ106 მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.































































