ნობელის პრემიის 39-მა ლაურეატმა მსოფლიო თანამეგობრობას მოუწოდა, გააძლიეროს უკრაინის მხარდაჭერა რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ, მხარი დაუჭიროს დემოკრატიულ ოპოზიციას რუსეთში და არ აღიაროს ქვეყნის პრეზიდენტად ვლადიმირ პუტინი. მიმართვა გამოქვეყნებულია სამეცნიერო გამოცემა “T-invariant-ის” ვებგვერდზე.
“ომი უკრაინაში და ალექსეი ნავალნის მკვლელობა არ ეხება მხოლოდ რუსეთს და უკრაინას. პუტინის რეჟიმმა აჩვენა, რომ ის პირდაპირ და მკაფიო საფრთხეს უქმნის მთელ კაცობრიობას. თვითგანადგურების თავიდან აცილება კაცობრიობას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია, თუ დაცული იქნება დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის პრინციპები. პუტინის რეჟიმმა ცინიკურად გათელა ისინი … მოვუწოდებთ მსოფლიო ლიდერებს და კეთილი ნების ყველა ადამიანს, უარი თქვან ბატონ პუტინისა და მისი კრიმინალური რეჟიმის თაობაზე არსებულ ნებისმიერ ილუზიაზე“, – ნათქვამია მიმართვაში.
ტექსტს ხელი მოაწერეს ნობელის პრემიის 16-მა ლაურეატმა ფიზიოლოგიასა და მედიცინაში, ასევე ნობელის პრემიების 23-მა მფლობელმა ფიზიკაში, ქიმიაში, ლიტერატურასა და მშვიდობის დარგში. მათ შორის არიან ბელარუსი სვეტლანა ალექსიევიჩი და უკრაინელი ალექსანდრა მატვიჩუკი.
მანამდე, გასული წლის აპრილის ბოლოს, მსოფლიოს 128 სახელმოხვეჭილმა კულტურის მოღვაწემ სთხოვა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ოპოზიციის ლიდერის, ალექსეი ნავალნის, გათავისუფლება და მისთვის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გაწევა. პუტინს ამ თხოვნაზე რეაგირება არ მოუხდენია.
წყარო: რადიოთავისუფლება