შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნომრის ამომცნობი 200 ჭკვიანი ვიდეოკამერა სრული დატვირთვით აამოქმედა.
ამასთან, დედაქალაქში, გზაჯვარედინების შუქნიშნებზე დამონტაჟდა 16 ჭკვიანი ვიდეოკამერა, რომელებიც თითოეულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე, ავტომატურ რეჟიმში, მყისიერ რეაგირებას მოახდენს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოში რეგისტრირებული საგზაო–სატრანსპორტო შემთხვევების ანალიზის შედეგად მოახდინა ე.წ. შავი წერტილების იდენტიფიცირება, სადაც მძღოლების მიერ ყველაზე ხშირია დადგენილი სიჩქარის ნორმის გადაჭარბების შემთხვევები. აღნიშნულ ადგილებზე სამინისტრომ სიჩქარის მზომი სექციური რადარები დაამონტაჟა.
ზაფხულის სეზონისა და ტურისტული ნაკადის ზრდასთან დაკავშირებით, ავტოსატრანსპორტო საშუალების სიჩქარის მზომი 6 წერტილოვანი რადარი ამოქმედდა აჭარის რეგიონში.
წლის ბოლომდე იგეგმება გადატვირთულ საავტომობილო გზებზე 1000-მდე ჭკვიანი ვიდეოკამერის რეგიონული მასშტაბით ამოქმედება.
ვიდეოკამერების განთავსების ადგილზე დამონტაჟებულია საგზაო გამაფრთხილებელი აბრები, რათა ფოტო-ვიდეო კონტროლის თაობაზე წინასწარ მოხდეს მძღოლების ინფორმირება.
საქართველოში არსებული საგზაო უსაფრთხოების დონის ამაღლება, ავტოსაგზაო შემთხვევების მინიმუმამდე დაყვანა და მისი პრევენცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს და სამინისტრო ამ მიზნის მისაღწევად ინტენსიურად ახორციელებს ყველა შესაბამის ღონისძიებას.