გასულ უქმეებზე ზეტაფონმა რესპუბლიკურ ტურნირს უმასპინძლა ჭადრაკში. ტურნირში ღვაწმოსილი პედაგოგის ჯემალ მახათაძის სახელობის თასის მოსაპოვებლად ლანჩხუთის სპორტული ცენტრიდან 14 ნორჩი მოჭადრაკე ასპარეზობდა.
ზესტაფონურ ტურნირზე ლანჩხუთელთაგან წარმატებული გამოდგა მარიამ ჩხაიძის ასპარეზობა, რომელმაც 12 წლის გოგონებს შორის ტურნირის ჩემპიონობა გაინაღდა. აღსანიშნავია, რომ მარიამი მეექვსე წელია, რაც მწვრთნელის, ადამ ხუხუნაიშვილის ხელმძღვანელობით ვარჯიშობს და ეს მისი ზედიზედ მეოთხე ტურნირია, სადაც მხოლოდ პირველობას სჯერდება და ჩემპიონის ტიტულს ირგებს.
როგორც სპორტულ ცენტრში ამბობენ, საპრიზო ადგილის მოპოვების შანსი კიდევ რამდენიმე ლანჩხუთელ მოჭადრაკეს ჰქონდა, თუმცა, საბოლოო მიზნამდე მათ მცირედი დააკლდათ.
„საპრიზო ადგილებთან, ასევე, ძალიან ახლოს იყვნენ: ავთო ჯანაშია, მიხეილ აფხაზავა, ლევან კომახიძე და ნატალია იმნაძე. მათ ძალიან ცოტა დააკლდათ წარმატებამდე. ვიმედოვნებთ, მომავალში გამოასწორებენ და დიდ წარმატებასაც მიაღწევენ“, _ამბობენ ლანჩხუთის სპორტულ ცენტრში.