ამ წუთებში, ჩოხატაურში “გურია ნიუსის” რედაქციასთან ახალგაზრდები შეიკრიბნენ. ისინი “გურია ნიუსის” ჟურნალისტებთან ერთად ჟურნალისტების უფლებების შელახვას აპროტესტებენ. “ნუ გვესვრით!”_ ასეთია მათი გზავნილი ხელისუფლებასთან და ძალოვან უწყებებთან.
როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, ისინი გმობენ ყოველგვარ ძალადობას.
“ჩვენ ვაპროტესტებთ აქციის დროს ჟურნალისტების უფლებების შელახვას. როგორც ცნობილია, დაშავებულია 20-ზე მეტი ჟურნალისტი. დაუშვებელია საკუთარი ქვეყნის მოქალაქეზე, მითუფრო, ჟურნალისტზე, აღმართო ხელი, მიზანმიმართულად ესროლო და შეუშალო ხელი პროფესიულ საქმიანობაში.
დღეს, როგორც ვიცით, 15 საათზე, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქციას მართავენ ჟურნალისტები. ჩვენც, სიმბოლურად, “გურია ნიუსის” ოფისთან შევიკრიბეთ და სოლიდარობას ვუცხადებთ მათ”, _ ამბობენ აქციის მონაწილეები.