“ნურავინ შეიწუხებთ თავს ჩემი და მთავარი არხის დამუნათებით და მორალური უპირატესობის გამოყენებით ჩვენი პრესინგისთვის. ჩვენ არავის აზრი არ გვაინტერესებს, სრულიად – არავის”, _ ამის შესახებ “მთავარი არხის” გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში დაწერა.
გვარამიას თქმით, ისინი სიმართლის დადგენისთვის მუშაობენ.
“არავისზე არ ვმუშაობთ და არავის პერსონალურად არ ვემსახურებით. ჩვენთვის სულ ერთია, ვინ ვის ენდობა, ვის ვისი სურათი უკიდია ოთახში და ვინ ვის ირჩევს საკუთარი პოზიციის გამხმოვანებლად. ჩვენ არავისთვის არ გვითხოვია დახმარება და არავის თანადგომას არ ვსაჭიროებთ ჩვენი ჟურნალისტური გამოძების ფარგლებში.
ჩვენ ვეძებთ სიმართლეს და მას აუცილებლად დავადგენთ. ჩვენ ვმოქმედებთ ჩვენი შვილებისთვის და არა გიორგი შაქარაშვილისთვის, რომელსაც, სამწუხაროდ, ვეღარაფერს ვუშველით. ჩვენ ვადგენთ, პირველ რიგში, შაქარაშვილის მკვლელის ხელის დამფარებელს და ვინც არ უნდა ენდობოდეს გამოძიებას, ეს მხოლოდ მისი პრობლემაა და არა ჩვენი – ჩვენ გამოძებას არ ვენდობით.
ჩვენ არ ვსპეკულირებთ შაქარაშვილის სახელით და ყველას მოვუწოდებთ, ასევე მოიქცეს, გინდა პროცესის უბრალო დამკვირევებელი იყოს და გინდა ჭირისუფალი. არავის ვუშლით ხელს არც გულშემატკივრობაში და არც გლოვაში. თუ არა და, პულტი ხელში და სხვა არხის ღილაკზე ერთი თითის დაჭერა.
სიმართლე – სინათლეა. მალე განათდება. ძალიან მალე. ტყუილად ნუ იღლით თავს უთავბოლო “წერა-კითხვებით”.
გვიყურეთ კვირას, მთავარ აქცენტებში”, _ წერს გვარამია.