„ნურავინ გვაშინებს მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებით”, _ ეს განცხადება, პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ, მიხეილ სააკაშვილის ვიდეო-მიმართვის გავრცელების შემდეგ გააკეთა.
მდინარაძის თქმით, მას საქართველოს მართლმსაჯულება ელოდება.
“მას ელოდება საქართველოს მართლმსაჯულება, მას ელოდება საქართველოს პენიტენციური დაწესებულება. კი, ბატონო, მობრძანდეს, დახვდება ყველა ის სისტემა, მაგრამ საქართველო წარსულს, თან ნეგატიურ წარსულს არასდროს დაუბრუნდება”, _ ამბობს მდინარაძე.
მდინარაძის ამ მოსაზრებას იზიარებენ მმართველი გუნდის სხვა წარმომადგენლებიც.
პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნება – სოციალ-დემოკრატების“ თავმჯდომარე, გია ჟორჟოლიანისთვის მიხეილ სააკაშვილის განცხადება ღირებული არ არის. ჟორჟოლიანის თქმით, ეკონომიკური მდგომარეობა, რომელზეც სააკაშვილი ვიდეომიმართვაში საუბრობს, გაუარესებული არ არის.
“სააკაშვილის ლაპარაკზე კომენტარს არ ვაკეთებ. იმიტომ რომ მიმაჩნია, რომ არ არის ღირებული. ის არის საქართველოსთვის ბრალდებული.
პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნება – ძლიერი საქართველოსთვის“ მდივნისთვის, ლევან გოგიჩაიშვილისთვის მნიშვნელოვანია, რომ სააკაშვილი მართლმსაჯულების წინაშე წარდგეს.
მიხეილ სააკაშვილმა ვიდეომიმართვა დღეს გაავრცელა. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მას აქვს კონკრეტული გეგმა როგორ გაუმჯობესდეს სოციალური მდგომარეობა.
სააკაშვილის თქმით, ხელისუფლების შეცვლისთანავე უნდა გაიზარდოს მასწავლებლების ხელფასი, ხოლო პოლიციელთა მინიმალური ხელფასი 2000 ლარი უნდა გახდეს. მისივე განცხადებით, პენსია უნდა გახდეს 400 ლარი.