პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონპროექტი განიხილება, სასულიერო პირები აღნიშნული ინიციატივის მიღებას ეწინააღმდეგებიან.
როგორც სხდომაზე მამა დავით ისაკაძემ განაცხადა, ხელისუფლება, გარკვეული გარანტიების მიუხედავად, ნარკოტიკებისგან ხალხის დაცვას ვერ ახერხებს.
,,არანაირი პოლიტიკური ან პიროვნული კომფრონტაცია არ გაგვაჩნია. ჩვენ არა მატრო ნარკოდამოკიდებულ პირებზეც ვფიქრობთ, არამედ თქვენზეც, რადგან ისე, როგორც ჩვენ, ასევე, თქვენც წარსდგებით ღვთის სამსჯავროზე.
კატეგორიულად მიუღებელია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, მარიხუანის მოხმარება, ფლობა, გასაღების გაშვებასთან დაკავშირებით. გასაღებასთან დაკავშირებით იმიტომ, რომ ნარკოდამოკიდებული პიროვნება იტყვის, რატომ უნდა ვიარო ფონიჭალაში, როცა ნარკოტიკის მოხმარება არ არის დასჯადიო. მომეცით საშუალება, აქვე ახლოს, მაღაზიაში შევიძინო ისე, როგორც სიგარეტი და რა პასუხს ვაძლევთ ასეთ ადამიანს?! ამის მაღაზიაში დადება შეუძლებელია თუ რა?!
რომ საუბრობთ, 21-წლამდე დასჯადია მარიხუანის მოხმარებაო, 18-19 წლის ახალგაზრდა ვერ ააღებინებს ნარკოტიკს უფრო მოზრდილ ადამიანს? ვინ გააკონტროლებს ამას? ან რას ნიშნავს პირად სივრცეში დაშვებულია ნარკოტიკების მოხმარება? სამსახურში არ შეიძლება და შვებულების დროს შეიძლება? ნუთუ, თქვენ იმდენად გულუბრყვილონი ხართ, რომ არ იცით, რომ ნებისმიერი ნარკოტიკის მოხმარება იწვევს დამოკიდებულებას და ამას მეცნიერები ამბობენ, არა მხოლოდ ჩვენ“, _ განაცხადა მამა დავითმა.