მომხმარებელმა ერთ-ერთ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მდებარე მარკეტში იოგურტი შეიძინა, რომელიც სახლში მისულმა აღმოაჩინა, რომ ობი აქვს მოკიდებული.
“შევიძინეთ “ჩუდოს” იოგურტი, რადგან ბავშვებს უყვართ. როცა გავხსენით, ვნახეთ, რომ გაფუჭებულია, ობი აქვს მოკიდებული. თქვენ გწერთ და გიგზავნით ფოტოებს, იმისთვის რომ ფაქტი გახმაურდეს და მოხდეს შესაბამისი რეაგირება. ისედაც ძლივს შოულობს ხალხი პურის ფულს, რომ მშივრები არ დაიხოცნონ და ეს ფულიც ნაგავში გადასაყრელი ხდება. თან რძის ნაწარმს უმეტესად ბავშვებისთვის ვყიდულობთ და მის ვარგისიანობაშიც ეჭვი უნდა შევიტანოთ? “_ ამ შინაარსის წერილი და შეძენილი იოგურტის ამსახველი ფოტოები “გურია ნიუსმა” სოციალური ქსელით მიიღო.

პროდუქტის მწარმოებელ კომპანიაში “გურია ნიუსს” გაგზავნილი კითხვის საპასუხოდ უთხრეს, რომ მომხდარი შესაძლოა სხვადასხვა ფაქტორით ყოფილიყო გამოწვეული.
“გამარჯობა, ვწუხვართ, რომ ასეთი რამ მოხდა. მადლობას გიხდით, რომ მოგვწერეთ. ამ შემთხვევას გადავამისამართებთ ხარისხის მართვის განყოფილებაში. ეს სამწუხარო ფაქტი სხვადასხვა ფაქტორით შეიძლება ყოფილიყო გამოწვეული, როგორიცაა შენახვისა და ტრანსპორტირების პირობების დარღვევა. მუდმივად ვცდილობთ, რომ შევინარჩუნოთ ჩვენი პროდუქციის საუკეთესო ხარისხი, რათა თქვენი ოჯახი ჯანმრთელი და ბედნიერი იყოს. გთხოვთ, მოგვწერეთ კონკრეტული მაღაზიის მისამართი. ეს ინფორმაცია აუცილებელია ფაქტის სრულყოფილი გამოძიებისა და შესაბამისი რეაგირებისთვის. მადლობა წინასწარ”,_ მოგვწერეს “ჩუდოს” ოფიციალური გვერდიდან.
მომხდართან დაკავშირებით “გურია ნიუსი” სურსათის ეროვნულ სააგენტოსაც დაუკავშირდა.
როგორც სურსათის ეროვნულ სააგენტოში გვითხრეს, რომ მსგავს შემთხვევაში ცხელ ხაზზე მომხმარებელმა შეტყობინება უნდა დატოვოს, რის შემდეგაც ჩატარებული კვლევის პასუხი მხოლოდ განმცხადებელს ეცნობება.
ავტორი





























































