“მხატვარი წუთისოფლიდან გასვლის შემდეგ ფასდება და ჩანს, როგორც ჭეშმარიტი შემოქმედი. შენ დღეს გამოჩნდი, როგორც ნიჭიერი თვითმყოფადი და, რაც მთავარია, ეროვნული მხატვარი”, _ თქვა მხატვარმა და გერონტი ღლონტის საუკეთესო მეგობარმა ზაურ წულაძემ ხელოვანის გარდაცვალების შემდეგ მოწყობილ მის ერთ-ერთ გამოფენაზე.

გერონტის პერსონალური გამოფენისა და სახელობითი პალიტრის გახსნისას კი ოზურგეთელმა მხატვარმა ვახტანგ მამეიშვილმა ასეთი სიტყვებით გაიხსენა კოლეგა: „გერონტი ჩვენთვის იყო ლეგენდარული ადამიანი, კაცი სიმართლის მთქმელი, საუცხოო გურული იუმორით. მას აქვს ეთნოგრაფიული გურია წარმოდგენილი, ეს განძი, პირველ რიგში, არის ჩვენი და ამით აუცილებლად უნდა ვამაყობდეთ“.
გერონტი ღლონტის ერთ-ერთი გამორჩეული მოსწავლე, ეკა ორაგველიძე „გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ამბობს:„რაც დრო გადის მით მეტად ვაფასებ მის შემოქმედებასაც და თვითონ მას, როგორც პიროვნებას.“

ეკა ორაგველიძე: ვარ მხატვარ გრაფიკოსი. ამჟამად ვმუშაობ თბილისის სახელმწიფო აკადემიაში მოწვეული პედაგოგის პოზიციაზე. ვასწავლი, როგორც ბაკალავრის, ასევე, მაგისტრანტებს. რაც შეეხება ჩემს გერონტის… მის სახელოსნოში ფეხი შევდგი, როდესაც ათი წლის ვიყავი, მიმიყვანეს მშობლებმა. გერონტის შესახებ იცოდა მამამ. თუმცა მე მანამდე მენახა გერონტი გაღმა დვაბზუს სკოლაში. რადგანაც სკოლა სავსე იყო გერონტის გაკეთებული და მოხატული საგანმანათლებლო ბანერებით. თითოეული ხელოვნების ნიმუში იყო. გერონტი იყო ტანმორჩილი კაცი, ხუჭუჭა, ჩალისფერი თმებით, მკვირცხლი მოძრაობით და საკმაოდ სერიოზული სახით, _ მოგვითხრობს ეკა ორაგველიძე.

მისივე თქმით, მხატვრის სახელოსნომ მასზე დიდი შთაბეჭდილება დატოვა.
„ახლაც კარგა მახსოვს, თითოეულ კუთხე-კუნჭულს შემოქმედის ხელი ეტყობოდა. კედლებზე პატარა მუყაოებზე სიყვარულით შექმნილი ნახატები. სხვადასხვა ფორმის დოქები. თავის ხელით ნაკეთი მაგიდა თუ სკამი, ტახტი თუ ბუხარი… ვიდრე ხატვის სწავლას დავიწყებდი, მამაჩემს უთხრა, „იაროს აგერ, ძამა და ვნახოთ მერე”. კვირაში ერთხელ დავდიოდი მასთან, კვირაობით… ძალიან თბილი კაცი იყო და ამავდროულად, მკაცრიც. განათლებული და დიდ პატივს სცემდა განათლებას. წესრიგის კაცი იყო. მე მასთან ვსწავლობდი არა მხოლოდ ხატვას, არამედ კულტურას, ქცევის, ნამუშევრის ხატვის პროცესის (როგორი ნახატი არ უნდა ყოფილიყო) დაფასების კულტურას. ასეთი იყო გერონტი. დამტოვებდა მაგიდასთან ტუშით და კალმით. თვითონ გავიდოდა, სანამ სახელოსნოში შემობრუნდებოდა, დავინახავდი თოხს მიყუდებდა სახლის კედელზე და შემოვიდოდა ხმამაღალი სიტყვით _ ,,რა ქენი, ცა, დახატე?” თუ რაიმეთი კმაყოფილი არ იყო, არ გაგრძნობინებდა. გაგიყვანდა ეზოში, ნატურასთან მიგიყვანდა, ბალახი იყო თუ ხე, ძაღლი თუ კატა და დაგახატვინებდა. ასე მაზიარა გერონტიმ ნატურასთან მუშაობას.

მიკვირს, როგორ ახერხებდა ეს (თვითნასწავლი) მხატვარი ამდენის გამკლავებას… მაშინ ხომ ეს თვითნასწავლობა უფრო კნინობით ფორმაში მოიხსენიებოდა, რადგანაც გერონტის აკადემია დამთავრებული არ ჰქონდა და ის აკადემიური საფეხურები არ გაუვლია. თუმცა, მის შემოქმედებას ამით არაფერი დაკლებია. ძალიან თვითმყოფადი იყო, საერთოდ არ ჰგავდა არავის.
გერონტი ღლონტის შემოქმედება დასაფასებელი და საინტერესოა. ის ხატავდა იმას, რითაც სუნთქავდა. მისი სამყარო ასეთი იყო სევდიანი, გულჩათხრობილი, ვიცით მისი ცხოვრება ბავშვობიდან მოყოლებული როგორი მძიმე იყო. როგორ მოახერხა და თავისი სიტყვა თქვა ხელოვნებაში ამ ლეჩხუმიდან წამოსულმა, ათას ჭირ-ვარამ გადატანილ, სოფელ ბოხვაურში მაცხოვრებელმა კაცმა. მისთვის ხომ ყოველგვარი ფუფუნება და გალაღება შორს იყო. მე ბედნიერი ვარ იმით, რომ ჩემი პირველი პედაგოგი, მხატვარი ჩემი ნათლია გახდა“, _ თქვა ეკა ორაგველიძემ.

გერონტი ღლონტი დაიბადა ლეჩხუმში, ცაგერის რაიონში, აღვის თემში 1938 წლის 5 იანვარს. დედა 29 წლის ასაკში გარდაიცვალა, მამა დიდ სამამულო ომში დაიკარგა და პატარა გერონტი ქუთაისის საბავშვო სახლში მიაბარეს თავის სამ დედ-მამიშვილთან ერთად, საიდანაც 10 წლის ასაკში შვილად აიყვანა ოზურგეთის რაიონის სოფელ ბოხვაურის მკვიდრმა პელო ღლონტმა, გარდაცვლილი იაკინთე ღლონტის ქვრივმა. გერონტი ღლონტი სიცოცხლის ბოლომდე ბოხვაურში ცხოვრობდა, თავის კარ-მიდამოში შექმნა ეთნოგრაფიული გარემო, რომელშიც შერწყმული იყო ლეჩხუმური და გურული ტრადიციები. ამ კარმიდამოში გაატარა მან მთელი ცხოვრება და 2004 წლის 27 ოქტომბერს მძიმე სენით გარდაიცვალა საკუთარ სახლში, საყვარელი ადამიანების გარემოცვაში.
გერონტის მეუღლე, ფილოლოგი, ზოია თავაძე დღეს 87 წლისაა, მრავალი რამ აქვს გასახსენებელი: “ძნელია, ვიყო ობიექტური გერონტის შემოქმედების შეფასებისას. ჩემთვის ყველა მისი ნახატი შვილივითაა… გერონტი უსაზღვროდ ფაქიზი სულისა და დიდი სითბოთი და სიყვარულით სავსე ადამიანი იყო. ოჯახზე უსაზღვროდ მზრუნველი და შვილებზე გადაყოლილი მამა. უპირატესობას ყოველთვის ოჯახს ანიჭებდა. ის ადრეული წლებიდან ხატავდა და ძერწავდა, ოჯახში არის ზეთით ტილოზე შესრულებული მისი პირველი ნახატი, რომელიც მეოთხე კლასში დახატა და ასევე პატარა ქანდაკება, რომელიც, როგორც თავად ამბობდა, 9 წლისამ გააკეთა.”
გერონტი 1961 წლიდან ეწევა შემოქმედებით მოღვაწეობას როგორც ფერმწერი და გრაფიკოსი. სისტემატურად მონაწილეობდა მაშინდელ რესპუბლიკურ თუ საკავშირო გამოფენებში. მისი უამრავი ნამუშევარი დაცულია სახელმწიფო ფონდებში, კერძო კოლექციებში _ მას 500-მდე ნახატი აქვს გაჩუქებული სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის, უცხოეთში. არ უყვარდა ნახატების გაყიდვა. ოზურგეთის ისტორიულ მუზეუმშიც არის უხვად მისი შემოქმედება. მუშაობდა სხვადასხვა სკოლაში სახვითი ხელოვნების მასწავლებლად, თქვენ წარმოიდგინეთ, მუსიკისაც კი. 1965-67 წლებში ოჯახზე ზრუნვის პარალელურად სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიის სტუდიაში. აკადემიის რექტორმა ბატონმა სერგო ქობულაძემ სწორედ იმ პერიოდში უთხრა – გერონტი, შენ აკადემია ვერაფერს მოგცემს, უკვე დასრულებული მხატვარი ხარო. გერონტის ჰქონდა ძალიან კარგი საოპერო ხმა და სწორედ ამ წლებში მიიღო მან შემოთავაზება კონსერვატორიის საოპერო სკოლის ვოკალის პედაგოგისაგან კონსერვატორიაში სწავლის გაგრძელების თაობაზე, მაგრამ ოჯახზე ზრუნვამ გერონტი ოზურგეთში დააბრუნა.
მისი უახლოესი მეგობარი იყო მხატვარი ოთარ ჩხარტიშვილი. სწორედ იმ წელს, როდესაც გერონტი გარდაიცვალა, ოთარი ზამთარში ჩამოვიდა და გერონტის დაუბარა, აპრილში ეს ნახატები მოწესრიგებული დამახვედრეო, ცისფერ გალერეაში პერსონალური გამოფენა უნდა მოგიწყოო. მართლაც, ჩამოვიდა აპრილში. სამწუხაროდ, სწორედ იმ გაზაფხულიდან გერონტი მძიმე სენით დაავადდა და შემოდგომაზე გარდაიცვალა. პერსონალური გამოფენა მხოლოდ მისი გარდაცვალების შემდეგ სახელობითი პალიტრის გახსნის დღეს მოეწყო ოზურგეთში.
ერთხელ, გერონტის სამეგობროში უთქვამს: ოდესმე მიაქცევს ვინმე ყურადღებას ჩემს ნახატებს, მოიცლიან ჩემისთანა ხალხისთვისაც, მაგრამ მე აღარ ვიქნებიო. მისი ქალიშვილის, თამარის დიდი სურვილია პერსონალური გამოფენის მოწყობა თბილისში, მშობლიურ ლეჩხუმსა და საქართველოს სხვადასხვა ქალაქში. იმედია, ბატონ გერონტის სურვილი ახდება და მეტი ადამიანი ეზიარება მის შემოქმედებას, მისი დანატოვარი კი იქნება საუნჯე მომავალი თაობებისთვის.
ავტორი






























































