გასულ უქმეებზე ქობულეთში, საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის ეგიდით, ევროპის ვიცეჩემპიონის კობა კაკალაძის სახელობის ღია რესპუბლიკური ტურნირი გაიმართა თავისუფალ ჭიდაობაში, სადაც საქართველოსა და სომხეთის წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას. სულ 150-მდე სპორტსმენი შეიკრიბა ტურნირში მონაწილეობის მისაღებად, მათ შორის იყო ლანჩხუთის სპორტული ცენტრის რვა აღსაზრდელიც, რომელთაც სხვადასხვა წონით კატეგორიაში მოსინჯეს საკუთარი შესაძლებლობები. ნიკა კალანდარიშვილი, საბა ბერიძე და საბა გუჯაბიძე გამოდიოდნენ 29 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობდნენ; 23 კგ-ში ირაკლი კახაძე და ლუკა საბიაშვილი; 35 კგ- ში გუგა მამულაძე, 52 კგ-ში გიორგი მახარაძე, ხოლო ზვიადი ლომაძე 75 კგ-ში.
ლანჩხუთელთაგან წარმატებით იასპარეზა გიორგი მახარაძემ, რომელიც ტურნირის ჩემპიონი გახდა, ხოლო ზვიად ლომაძე ვერცხლის მედალს დასჯერდა. გუნდი შეჯიბრისთვის მოამზადეს მწვრთნელებმა: კახა აფხაზავამ, კახა გოგოლიშვილმა, დავით ხარატიშვილმა და კორნელი ბურჭულაძემ.
„ეს კალენდარული ტურნირია, რომელიც ყოველწლიურად ტარდება ქობულეთში და მასში ძლიერი გუნდები იღებენ მონაწილეობას. მართალია ჩვენი რვა სპორტსმენიდან მხოლოდ ორმა მოიპოვა მედალი, მაგრამ საერთო თვალსაზრისით, გამოცდილების მიზნით ყველა მოჭიდავის გამოსვლა დამაკმაყოფილებლად შეიძლება ჩაითვალოს. მომდევნო ტურნირი ქალაქ ფოთშია დაგეგმილი და ვეცდებით იქ უფრო წარმატებულად ვიასპარეზოთ“, _ ამბობს სპორტული ცენტრის ჭიდაობის განყოფილების ხელმძღვანელი კახა აფხაზავა.