თბილისში, კონსერვატორიის დიდ დარბაზში გამართულ საქართველოს საგუნდო საზოგადოების მე-3 ეროვნულ კონკურსზე ლანჩხუთის, ხუხუნაიშვილების სახელობის სიმღერა-გალობის სკოლამ პირველი ადგილი და ოქროს მედალი მოიპოვა. სკოლის ხელმძღვანელს, ავთანდილ თურქიას კი საუკეთესო ლოტბარის წოდება მიენიჭა. ვულოცავთ არა მარტო თურქიების დიდ ოჯახს, არამედ მთელ მუნიციპალიტეტს.
„აპრილში საქართველოს ფოლკლორის საზოგადოებამ ჩაატარა რიგით მე-3 ეროვნული კონკურსი ფოლკლორში, გალობასა და საესტრადო სიმღერაში, სადაც 200-მდე შემსრულებელი მონაწილეობისვის. ეს იყო პირველი ტური, რომელშიც გავიმარჯვეთ. მეორე ეტაპი კი 7 მაისს, საპატრიარქოს ტელევიზიის დიდ დარბაზში გაიმართა. ისევე როგორც წინა ტურში, ჩვენი ბავშვები საოცრად გამოვიდნენ, დარბაზი ფეხზე იდგა და ტაშს ისე უკრავდა, ხოლო ჟიურიმ, რომელიც კომპეტენტური ადამიანებისგან შედგებოდა, მაქსიმალური 100-დან 98 ქულა მოგვანიჭა.
კონსერვატორიის დიდ დარბაზში გალა კონცერტზე, სადაც გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართა, ხუხუნაიშვილების სკოლას გადაეცა ოქროს მედალი, ხოლო მე მომანიჭეს საუკეთესო ლოტბარის წოდება, რაც ჩემთვის უდიდესი პატივი და პასუხისმგებლობაა.
მოლოდინი, რომ ოქროს მედალს ავიღებდით, მქონდა, მაგრამ ცოტა უხერხულადაც კი ვიგრძენი თავი _ ზედმეტი ხომ არ იყო ჩემს ასაკში, როცა ირგვლივ ჩემზე მეტად გამოცდილი ადამიანები იდგნენ სცენაზე?!
წარმოიდგინეთ, უამრავი, ათეულობით ადამიანი იდგა სცენაზე და ეს წოდება მხოლოდ ერთ ადამიანს გადასცეს“, _ ამბობს ახალგაზრდა ლოტბარი ავთანდილ თურქია, რომელიც სამომავლოდ დიდ გეგმებს ისახავს. „წინ დიდი გეგმები მაქვს, წლის ბოლოს ვაპირებ გავაკეთო სოლო კონცერტი. გვინდა, საზღვარგარეთ გავიდეთ და ჩვენი, გურული ფოლკლორი ვაჩვენოთ უცხოელებს“.