გურიაში მზე და სითბო უხვად მოიყოლა წლევანდელმა ნოემბერმა _ ციტრუსოვანთა პლანტაციებში ოქროსფერი ყოველდღე მძლავრობს. მალე კრეფის სეზონი დაიწყება, საამისოდ ყველგან სამზადისია. ბევრგან შინ სიმინდით დატვირთული ტრანსპორტით მიეჩქარებათ, თუმცა, უპირველესი ციტრუსოვანებია.
_ რაც, მთავარია, „ამინდი ამინდობს, მზე ჩვენკენაა და სითბო, მოსავალსაც არ უჩანს მთლად ცუდი პირი, მთავრობასაც აფერი უჭირს, კლიენტიც გამოჩნდება. აი ფაროსანაც კი მეისპო, აფერი უჭირს ისე. შარშან კი „დაგვიკოღინა“ მანდარინი, მარა ყოველ წელს სადაა მაგის საჭმელი ციტრუსოვანები. ციებ-ცხელება გადააშენეს გურიიდან და მაგასაც მოვუვლით, კაცო. მთავარია, მთავრობა კიდევ და კიდევ მეტად იყოს ჩვენთან, აი ოქრო მზე და საამო სითბო _ მეტი ჩვენ რა გვინდა?_ იმედიანად ხუმრობენ იმედიან გურულები და ნოემბრის უჩვეულო მზისა და უხვად გამეტებულ სითბოს ორომტრიალს საკუთარი ღიმილითაც აზავებენ.