ვაჭრობა და ძალადობა 4 მილიონისთვის, რეკეტი ბიზნესზე და მუქარა ყოფილ მინისტრებზე – „ომეგა ჯგუფის“ ირგვლივ გავრცელებული სკანდალური აუდიოჩანაწერების შემდეგ ზაზა ოქუაშვილის სკანდალური განცხადებების არ სჯერათ მმართველ გუნდში.
დეპუტატები აცხადებენ, რომ ისეთი ქველმოქმედისგან, როგორიც ივანიშვილია თანხის გამოძალვის მიზნით ზეწოლა და შანტაჟი დაუჯერებელია.
„ნუთუ ასეთი მიამიტური ინფორმაციის გჯერათ. რას ჰქვია დაიბარეს, აიყვანეს ოქუაშვილი და ბატონმა ბიძინამ უთხრა, მოუტანე ოთხი მილიონი? ყველამ იცის სიგარეტი ვისი ბიზნესია და რომელი ჯგუფები მუშაობენ ამაზე“-ამბობს „ქართული ოცნების“ წევრი სიმონ ნოზაძე.
დეპუტატების ნაწილი ამბობს, რომ “კვირის აქცენტებში” ზაზა ოქუაშვილის სკანდალური ინტერვიუ არ უნახავთ. დეპუტატების ნაწილი კი ამბობს, რომ საქმეში არსებულ კითხვებს პასუხი გამოძიებამ უნდა გასცეს. დეპუტატები ზაზა ოქუაშვილს ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის აკრიტიკებენ.
„ვუსმინე, რომ ის მხარს უჭერს მოძალადეებს და ამისთვის იყენებს ყველა სიბინძურეებს, იმის გამო რომ საკუთრი ვალი არ გადაიხადოს ჩირქს სცხებს ადამიანებს, რომელსაც თეორიულადაც არ შეიძლება ამასთან საერთო ჰქონდეს“ -აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.
ამ წუთებში მმართველი პარტიის ოფისში საგანგებო სხდომა იწყება, რომელსაც ბიძინა ივანიშვილიც უნდა დაესწროს.
როგორც ცნობილია, „ქართული ოცნების“ სხდომის დასრულების შემდეგ განცხადება გაკეთდება, თუმცა მმართველი გუნდის წევრები არ საუბრობენ რა იქნება შეხვედრის მთავარი თემა.