ბიზნესმენ ზაზა ოქუაშვილის განცხადებას, თი ბი სი ბანკის შემდეგ საქართველოს ბანკიც ეხმაურება.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ სს „საქართველოს ბანკის“ მიმართ „ომეგა ჯგუფს“ აქვს დავალიანება, რომელიც ჯამურად 84 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს.
„ომეგა ჯგუფი“ ბანკის მიმართ ვალდებულებებს 2016 წლიდან მოყოლებული არ ასრულებს და ამ დავალიანებასთან დაკავშირებით სასამართლოში მიმდინარეობს დავა. „ომეგა ჯგუფის“ წარმომადგენელები მიზანმიმართული ქმედებებით მაქსიმალურად ცდილობენ სასამართლო პროცესის გაჭიანურებას.
ამასთან „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებლის და მფლობელის ზაზა ოქუაშვილის მცდელობა, ორ კერძო კომპანიას შორის სამართლებრივი დავა გადაიყვანოს პოლიტიკურ ჭრილში – საქართველოს ბანკისთვის მიუღებელია.
საქართველოს ბანკი კვლავ გამოიყენებს დავალიანების ამოღების მის ხელთ არსებულ ყველა სამართლებრივ შესაძლებლობას”, _ აღნიშნულია განცხადებაში.
“საქართველოს ბანკი” ოქუაშვილმა “რუსთავი 2’_ისთვის მციემულ ინტერვიუში ახსენა და აღნშნა, რომ ივანიშვილმა ის მასთან დაახლოებულ ბიზნესად დაასახელა.
შეგახსენებთ, რომ დილით განცხადება გაავრცელა “თი ბი სი” ბანკმაც, რომელშიც აღნიშნულია, რომ ოქუაშვილის ბრალდებები სიმართლეს არ შეესაბამება:
“თიბისი ბანკისთვის უმთავრესი მნიშვნელობის არის კლიენტების ნდობა და ყველა აუცილებელი წესისა და პროცედურის დაცვა, რომელიც კლიენტის ფულის უსაფრთხოებასთან არის დაკავშირებული.
ბანკი უმაღლესი სიმკაცრით იცავს კომერციული ბანკებისთვის დადგენილ ყველა მოთხოვნას.
ბატონი ოქუაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით, თიბისი ბანკი განმარტავს, რომ ბანკში ყველა ტრანზაქცია სრულდება სამუშაო საათებში, კლიენტის ანგარიშების გახსნისა და წარმოების ყველა წესის დაცვით. თიბისი ბანკს გააჩნია კანონიერი ვალდებულება დაიცვას კლიენტის პერსონალური მონაცემები და საბანკო საიდუმლოება, ამიტომ ბანკის მხრიდან დაუშვებელია კონკრეტული ტრანზაქციისა და კლიენტის შესახებ დეტალების გასაჯაროვება.
თიბისი ბანკი მიმართავს ყველა სამართლებრივ ზომას აღნიშნული ცრუ ინფორმაციის მასშტაბირების საპასუხოდ, ” _ აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც ბანკმა გაავრცელა.
ოქუაშვილის განცხადებით თი ბი სი ბანკმა 4 მილიონი არასამუშაო საათებში გასცა:
„ავიღე და 4 მილიონი გადავრიცხე ანგარიშზე, რომელიც ერთი დღის გახსნილი ფირმა იყო. ფირმა იყო გახსნილი ოფშორში და დაჯდა 4 მილიონი, ინიშნება დირექტორები და 24 საათში ფირმიდან გადის 4 მილიონი ქეში, რომელიც აბსოლუტურად არის დარღვევა ყველა საბანკო პროცედურის. ეს მოხდა “თიბისი ბანკში” დაიბარეს დირექტორები და რა ზეწოლის ქვეშ იყო ბანკის დირექტორი ბუცხრიკიძე და ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტიო ხაზარაძე, დაიბარა გახარიამ. რეკავდა ფარცხალაძე, რეკავდა ლევანი. ვერ დაბლოკეს. “თიბისი ბანკს” უნდა დაებლოკა, ეს იყო აბსოლუტურად პროცედურის დარღვევა. ის რომ ფირმა 24 საათის გახსნილი იყო. ის რომ ფირმაში 4 მილიონი ასე ერთბაშად არ უნდა გაცემულიყო. ამ შემთხვევაში მივიდა ბუხრიკიძე და უთხრა თვითონ. თანავუგრძნობ მე მას. ყველა ვერ გაუძლებს იმ ზეწოლას, რაც ჰქონდა ივანიშვილისგან და გახარიასგან,“- განაცხადა ზაზა ოქუაშვილმა.
მისივე თქმით, ის იმედოვნებდა რომ ბანკი დაიხურებოდა 06:00 საათზე და ამ თანხის გატანას ვერ შეძლებდნენ, თუმცა ზეწოლის შედეგად მოხდა ისე, რომ ბანკმა თანხა გასცა 08:00 საათზე.
ზაზა ოქუაშვილის განცხადებით, მას შემდეგ რაც ფირმის დირექტორებმა თანხა გაიტანეს, მათ გარეთ დახვდათ შეიარაღებული პირები და მიუთითეს თუ რომელ მანქანაში უნდა ჩაედოთ ფული.
„დაკეტილი კარები, რომ გააღეს აბსოლუტურად პერიმეტრი კონტროლდებოდა შეიარაღებული ხალხით. ეს იყო დაყაჩაღება ბანკის. უთხრეს რომ ჩანთა რომელიც ეჭირათ ჩადებდნენ მანქანაში. შეიარაღებული კაცი ელოდებოდა, რომელმაც უთხრა რომ ეთქვა, რომ სახეში არ შეეხედა,“ _ განაცხადა ოქუაშვილმა.