ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია დამასკოში, ანტიოქიის პატრიარქ იოანე X-ს შეხვდა, _ ინფორმაციას ანტიოქიის საპატრიარქო ავრცელებს.
ინფორმაციაში ასლან ბჟანია “აფხაზეთის პრეზიდენტადაა” მოხსენიებული და აღნიშნულია, რომ მას თან ახლდა მაღალი დონის დელეგაცია აფხაზური და სირიული მხარის წარმომადგენლებით.
ანტიოქიის საპატრიარქო აღნიშნავს, რომ ისაუბრეს ანტიოქიის ეკლესიის როლზე სირიაში, რეგიონის ქვეყნებსა და მთელ მსოფლიოში მშვიდობისა და სიყვარულის დამყარებაში.
ცნობისთვის, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. დელეგაცია, დე ფაქტო ლიდერ ასლან ბჟანიას ხელმძღვანელობით, სირიაში იმყოფება. „ვიზიტის“ ფარგლებში ბჟანია სირიის ლიდერ ბაშარ ალ-ასადს შეხვდა. ამასთან, ე.წ. დელეგაციამ სირიასთან ერთად „ორი ქვეყნის“ პორტებს შორის და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ „შეთანხმებას“ მოაწერა ხელი.