ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ე.წ. პრეზიდენტის კანდიდატების რეგისტრაციის პროცედურა დაასრულა.
„ყველა ხუთი პრეტენდენტის დოკუმენტების განხილვის შედეგად, 2026 წლის 18 სექტემბერს დანიშნული ვადამდელი არჩევნების საარჩევნო ბიულეტენში ოთხი კანდიდატი შევა“, — განაცხადეს დე ფაქტო ცესკო-ში.
გადაწყვეტილებები დე ფაქტო ცესკოს 16, 20 და 22 აგვისტოს გამართულ სხდომებზე მიიღეს.
რეგისტრირებული კანდიდატები:
მარატ კამბოლოვი (დაბადებული 1965 წელს) — წარდგენილია ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ. რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს 2026 წლის 16 აგვისტოს.
ზურაბ კოკოევი (დაბადებული 1960 წელს) — წარდგენილია პოლიტიკური პარტია „ერთიანობის“ მიერ. რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს 2026 წლის 20 აგვისტოს.
მურატ ვალიევი (დაბადებული 1989 წელს) — წარდგენილია რესპუბლიკური პოლიტიკური პარტია „ალანიის პატრიოტების“ მიერ. რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს 2026 წლის 22 აგვისტოს.
ყაზბეგ კოდოევი (დაბადებული 1974 წელს) — წარდგენილია ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ. რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს 2026 წლის 22 აგვისტოს.
რეგისტრაციაზე უარი ეთქვა ხოხ ჩოჩიევს (დაბადებული 1990 წელს), რომელიც წარდგენილი იყო პოლიტიკური პარტია „ირი ფარნის“ მიერ.
„ცესკოს 20 აგვისტოს დადგენილებით, მას რეგისტრაციაზე უარი ეთქვა. უარის მიზეზი გახდა ის, რომ წარდგენილი დოკუმენტები და ხელმოწერების ფურცლები არ შეესაბამებოდა კანონმდებლობის მოთხოვნებს.
კერძოდ, ნამდვილი და სარწმუნო ხელმოწერების რაოდენობა კანონით დადგენილ მინიმუმზე (1750 ხელმოწერა) ნაკლები აღმოჩნდა. ასევე არ შესრულდა მოთხოვნა ხუთივე ადმინისტრაციულ-ტერიტორიული რაიონიდან სულ მცირე 150 ხელმოწერის შეგროვების შესახებ (დარღვევა დაფიქსირდა ცხინვალის, ახალგორისა და ჯავის რაიონებში)“, — განმარტეს დე ფაქტო უწყებაში.
გარდა ამისა, უწყების ცნობით, დარღვევები გამოვლინდა ხელმოწერების ფურცლების გაფორმებისას, არ იყო წარდგენილი ფინანსური დოკუმენტების სავალდებულო დანართები და არ დადასტურდა სახელმწიფო ენის ფლობა, რაც კანდიდატისთვის სავალდებულო მოთხოვნას წარმოადგენს.
2026 წლის 22 აგვისტოს სხდომაზე დე ფაქტო ცესკომ ასევე მიიღო დადგენილება ე.წ. საპრეზიდენტო ვადამდელი არჩევნებისთვის ბიულეტენების რაოდენობის დამტკიცების შესახებ.
კანონმდებლობის საფუძველზე, ბიულეტენების ტირაჟი 40 000 ცალის ოდენობით დამტკიცდა. აღნიშნული რაოდენობა რამდენიმე საარჩევნო კამპანიის განმავლობაში არ შეცვლილა.

































































