სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ლევან აკინის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერის წინ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა მათ „პირდაპირი მუქარა“ უწოდა.
„რაც მოვისმინეთ, ეს იყო პირდაპირი მუქარა, რომ მოახდენენ კონკრეტული შენობების, მათი შესასვლელების ბლოკირებას, ჩაშლიან კინოჩვენებას და არ შეუშვებენ იქ ადამიანებს. აღნიშნული ტიპის ქმედება თუ განხორციელდა, ეს არ წარმოადგენს გამოხატვის თავისუფლებით დაცულ სფეროს და სწორედ ამაზე მივანიშნეთ ჩვენ როგორც აქციის მონაწილეებს, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ მიიღონ კანონით გათვალისწინებული ზომები იმისთვის, რომ სხვა პირთა გადაადგილების თავისუფლებას, მათი უფლებების რეალიზაციასა და უსაფრთხოებას არ შეექმნას საფრთხე. მე იმედი მაქვს, რომ პოლიცია იქნება მობილიზებული იმ დღეს და იმედი მაქვს, რომ თავიდან იქნება აცილებული ნებისმიერი გართულება ამ მიმართულებით”, _ განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
ომბუდსმენმა ასევე აღნიშნა, რომ ვერავინ ვერავის აუკრძალავს ან დაუდგენს, რა ტიპის ფილმი უნდა გადაიღოს, გაუშვას ან ვინ რა ფილმს უყუროს და რა წიგნი წაიკითხოს.
შეგახსენებთ, რომ ფილმის პრემიერა საქართველოს კინოთეატრებში 8 ნოემბერს არის დაგეგმილი.
რამდენიმე დღის წინ კი მარშის ლიდერმა, სანდრო ბრეგაძემ განაცხადა, რომ პრემიერას ჩაშლიან.
ფილმის პრემიერას საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსი ანდრია ჯაღმაიძეც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ფილმის ჩვენებას ეკლესიის მხრიდან დიდი პროტესტი მოჰყვება. მოგვიანებით საპატრიარქომ განცხადებაც გაავრცელა, რომელშიც წერს, რომ ეკლესია სოდომური ურთიერთობების პოპულარიზაციას არასდროს შეურიგდება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ისინი ფილმის ჩვენების დროს უზრუნველყოფენ საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვას.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებითაც, საზოგადოებრივ წესრიგს საფრთხე არ შეექმნება.