საქართველოს სახალხო დამცველმა მთავარ პროკურორს წინადადებით მიმართა, რომლითაც პოლიციელების მხრიდან განხორციელებული სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე გამოძიების დაწყებას ითხოვს.
როგორც სახალხო დამცველის განცხადებაშია აღნიშნული წერილი პროკურატურაში გუშინ გაიგზავნა.
მათივე ცნობით, თბილისის დროებითი მოთავსების იზოლატორში განთავსებულმა ბრალდებულმა დ.გ.–მ 2017 წლის 5 ივნისს საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულთან შეხვედრისას განაცხადა, რომ იგი 2017 წლის 5 ივნისს, დაახლოებით, დილის 3–დან 4 საათზე დააკავეს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი–ნაძალადევის სამმართველოს მე–10 განყოფილების თანამშრომლებმა.
„დაკავებისას და განყოფილებაში გადაყვანის შემდეგაც, რამდენიმე პოლიციელებმა მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. ასევე, ემუქრებოდნენ სექსუალური ძალადობით. დ.გ.–ს თქმით, იგი დილის 9 საათისთვის დროებითი მოთავსების იზოლატორში შეიყვანეს, თუმცა მრავლობითი დაზიანების გამო არ მიიღეს. დ.გ. სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მიზნით სამედიცინო კლინიკაში გადაიყვანეს და იზოლატორში მხოლოდ საღამოს, დაახლოებით 20:20 საათზე შეასახლეს.
თბილისის დროებითი მოთავსების იზოლატორში შედგენილი დაკავებულის სამედიცინო შემოწმების ფორმაში დაფიქსირებული მონაცემების მიხედვით, ასევე სახალხო დამცველის რწმუნებულთან შეხვედრის დროს დ.გ.–ს აღენიშნებოდა დაზიანებები“, _ აღნიშნულია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველოს სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ ბრალდებულის მიმართ განხორციელებულ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე გამოძიება დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს და აწარმოოს საქართველოს პროკურატურამ; გამოძიების ეფექტიანად წარმართვისთვის ჩატარდეს ყველა საჭირო და აუცილებელი საგამოძიებო მოქმედება.