საქართველოს სახალხო დამცველმა დაადგინა, რომ ტელეკომპანია POS TV-ის ხელმძღვანელმა შალვა რამიშვილმა “აიისას” დამფუძნებელი ანანია გაჩეჩილაძე სექსუალურად შეავიწროვა.
“სახალხო დამცველმა დაადგინა სექსუალური შევიწროების ფაქტი ფიზიკურ შეხებასთან და სხეულისა და გარეგნობის თაობაზე გაკეთებულ შეფასებებთან დაკავშირებით. სახალხო დამცველი დაეყრდნო განმცხადებლის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს, ვინაიდან შალვა რამიშვილმა არ ითანამშრომლა აპარატთან. წინამდებარე საქმის შესწავლის პროცესში, მოპასუხეს განემარტა მტკიცების ტვირთის სტანდარტი, თუმცა, მოპასუხეს სექსუალური შევიწროების ფაქტის უარყოფის მიზნით, მისი პოზიცია/არგუმენტები არ წარმოუდგენია. საქმე მნიშვნელოვანია/პრეცედენტულია რადგან სახალხო დამცველმა პირველად დაადგინა, სექსიზმი, როგორც სიძულვილის ენის აკრძალვის ერთ-ერთი ფორმა, რაც რეგულირდება „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონით. სახალხო დამცველის განმარტებით, სექსიზმი სქესისა თუ გენდერის ნიშნით დისკრიმინაციის წახალისების სახედ მიიჩნევა,” – ვკითხულობთ სახალხო დამცველის განცხადებაში.
დოკუმენტში ასევე წერია, რომ სახალხო დამცველი დაეყრდნო განმცხადებლის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს, ვინაიდან შალვა რამიშვილმა არ ითანამშრომლა აპარატთან.
როგორც ცნობილია, POS TV-ის დირექტორი, შალვა რამიშვილი ანანია გაჩეჩილაძეს 2018 წელს დაუკავშირდა ინტერვიუსთან დაკავშირებით და რამდენიმე დღეში შეხვედრაც შედგა.
გაჩეჩილაძის მტკიცებით, შეხვედრის დროს რამიშვილმა მასზე სექსუალურად იძალადა. გასულ წელს, ანანია გაჩეჩილაძისა და შალვა რამიშვილის საუბრის ამსახველი ჩანაწერი ტელეკომპანია ფორმულამ გაავრცელა. გაჩეჩილაძემ ჩანაწერის ავთენტურობა დაადასტურა.
ბოლო პერიოდში შალვა რამიშვილი სექსუალურ შევიწროებაში კიდევ რამდენიმე ქალმა დაადანაშაულა. 20 მარტს შალვა რამიშვილი ჟურნალისტმა მაკო ჯაბუამ ამხილა, 21 მარტს იმავე ბრალდებით პოსტი გამოაქვეყნა კიდევ ერთმა ქალმა, გვანცა ბუდაღაშვილმა.