სახალხო დამცველმა რეკომენდაცია სკოლების მონიტორინგის დროს აღმოჩენილი დარღვევების შედეგად მიიღო.
„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩატარებული მონიტორინგის დროს გამოიკვეთა, რომ დისციპლინური სახდელის დაკისრების დროს მოსწავლესთან არ მიმდინარეობს მუშაობა და მისი გათვითცნობიერება მის მიერ ჩადენილი საქციელის უარყოფით მხარეებში, ამასთან, სკოლიდან დროებით დათხოვნის შემთხვევაში, განსაზღვრული ვადით ირღვევა მისი განათლების უფლება; დისციპლინური სახდელის არსებული ფორმა ქმნის ბავშვის განათლების უფლების დარღვევის საფრთხეს და ეჭვქვეშ აყენებს დისციპლინური სახდელის გამოყენების მიზანშეწონილობას“, – წერია ომბუდსმენის რეკომენდაციაში.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, 2016–2017 სასწავლო წელს არასრულწლოვანთა მიმართ დისციპლინური სახდელი მთელი საქართველოს მასშტაბით გამოყენებულია 1140 შემთხვევაში. მათგან 18 შემთხვევა დაწყებითი კლასების, მათ შორის, პირველკლასელის შემთხვევაშიც კი.
როგორც რეკომენდაციაშია ნათქვამი, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, დისციპლინის დაცვა დაფუძნებული უნდა იყოს მოსწავლისა და მასწავლებლის თავისუფლებისა და ღირსების პატივისცემაზე, ხოლო დისციპლინური სახდელი უნდა იყოს გონივრული, დასაბუთებული და თანაზომიერი. კანონით ასევე, განსაზღვრულია სკოლის ვალდებულება, რომ გაკვეთილიდან გაძევების ან დროებით დათხოვნის შემთხვევაში, მოსწავლე ჰყავდეს თავისი მზრუნველობის ქვეშ და მიიღოს ზომები, რათა დისციპლინურმა სახდელმა არ გამოიწვიოს მოსწავლის არსებითი ჩამორჩენა სასწავლო პროცესისგან.
სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, მომზადდეს შესაბამისი ცვლილებები და კანონმდებლობის დონეზე განისაზღვროს სკოლიდან დროებით დათხოვნის, როგორც დისციპლინური სახდელის გამოყენების წინაპირობები და კონკრეტულად გაიწეროს აღნიშნულ პროცესში საჯარო სკოლების როლი.
„შესაბამისად, დისციპლინური სახდელის გამოყენებას ჰქონდეს არა სადამსჯელო, არამედ შედეგზე ორიენტირებული მიდგომა. ნორმატიულ დონეზე შემუშავდეს მოსწავლეთა დისციპლინური წარმოების წესი, რაც უზრუნველყოფს დისციპლინური წარმოების პროცესში არასრულწლოვანთა უფლებრივი მდგომარეობის დაცვის უფრო მაღალ სტანდარტს და მყარ გარანტიებს“, – ნათქვამია განცხადებაში.