„ომეგა ჯგუფის“ საქმეზე გავრცელებული ფარული ჩანაწერები ავთენტიკურია. კომპანიის წარმომადგენლებმა ჩანაწერებზე დანიშნული ექსპერტიზის დასკვნა გაასაჯაროვეს, რომელიც „ომეგას“ დაკვეთით ერთ-ერთმა წამყვანმა ბრიტანულმა ბიურომ ჩაატარა.
ლევან აღდგომელაშვილის განცხადებით, ექსპერტიზა ჩატარდა ორ ჩანაწერზე. პირველი ეს არის “თბილისის თამბაქოს” მეწილის ირაკლი ჩუბინიშვილისა და “ომეგა ჯგუფის” დამფუძნებლის ზაზა ოქუაშვილის საუბარი, სადაც ირაკლი ჩუბინიშვილი ჰყვება ადგილობრივი და შემოტანილი სიგარეტის თითო რეალიზებული კოლოფიდან პარტიისთვის გადახდილ 2.5 თეთრზე და 2017 წლის წინასაარჩევნო პერიოდში “ქართული ოცნებისთვის” გადახდილ შავ ფულზე.
რაც შეეხება მეორე ჩანაწერს, აღდგომელაშვილის განცხადებით, ის ასახავს ასევე ირაკლი ჩუბინიშვილისა და ზაზა ოქუაშვილის საუბარს, სადაც ჩუბინიშვილი უყვება მას რომ ბიძინა ივანიშვილთან ვანო ჩხარტიშვილის შეხვედრის შემდეგ, თბილისის თამბაქოს 26 მილიონი ლარის საგადასახადო ვალდებულება მოეხსნა.
„პირველ ფაილზე გაკეთებული დასკვნით, რომ აუდიოფაილის თითოეული ეპიზოდი უწყვეტი ჩაწერის შედეგად პირველწაყაროდანაა აღებული, რომ საკვლევი აუდიოფაილის თანმიმდევრობა დარღვეული არ არის და ეპიზოდების გადაბმის ადგილებში სიტყვები არ წყდება ცალსახად დგინდება ხსენებული აუდიოჩანაწერის ავთენტურობა.
მეორე ჩანაწერზე დასტურდება, რომ ეს ჩანაწერიც ეკუთვნის მხოლოდ ერთ საუბარს, რომლის ჩაწერაც
ერთ მოწყობილობაზე უწყვეტად მიმდინარეობდა და საკვლევი აუდიოჩანაწერი არის ავთენტური,“– აცხადებს აღდგომელაშვილი.