ლუგარის ლაბორატორიის თანამშრომელი, ლელა ურუშაძე ფეისბუქზე სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც “გურია ნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ.
“1 წელი და 3 თვეა ომია მთელ მსოფლიოში. თავისი 122 მილიონი დაავადებული და 2 708 000 მდე გარდაცვლილი ადამიანით! დახურული სკოლებით, ბაღებით და სამსახურებით, მრეწველობით და ინდუსტრიით, კომენდანტის საათებით , პირბადეახვეული, შეშინებულთვალებიანი, სახლში ჩაკეტილი ადამიანებით.
ბევრი ფილმია გადაღებული და წიგნია დაწერილი ეპიდემიებზე, მაგრამ მსგავსად მძაფრი და წარმოუდგენელი სცენარი, ხელოვანი ადამიანის ფანტაზიამაც კი ვერ შექმნა.
ომის მოსაგებად იარაღია საჭირო წამალი და ვაქცინა ! რომლის დამზადების იმედი გვქონდა , მაგრამ ეს რომ საქართველომდე მოაღწევდა მინიმუმ 5 წელსაც კი ანგარიშობდნენ სკეპტიკოსები.
სრულიად სასწაულად და ნაქები თანამედროვე ტექნოლოგიებით 1 წელში და 3 თვეში ვაქცინა საქართველოშია.
მე, პირადად, 13 მარტს გამიჩნდა შეგრძნება, რომ ომი დამთავრდა.
დღეს გულის გაგლეჯამდე მეტკინა გოგონა_ მეგი, ძალიან სუფთა თვალებით და ხმით.
ამ დაავადებას ჩვენს ერთ მუჭა ქვეყანაში უკვე 3 680 ადამიანი შეეწირა და ეს რიცხვი უსასრულოდ რომ არ გაიზარდოს, ზაფხული რომ გვქონდეს, შემოდგომა და გაზაფხული, ქორწილში სტუმარი და დაკრძალვაზე ჭირისუფალი, ომი უნდა დამთავრდეს და ომს ვერაფერი დაასრულებს ვაქცინაციის გაგრძელების გარდა. (ფოტოებზე მშრალი ციფრებია დღევანდელი ვორლდმეტრიდან)“, _ წერს ლელა ურუშაძე.