რუსეთში, ეკატერინბურგის ცენტრალურმა საოლქო სამხედრო სასამართლომ უკრაინის ომის ყოფილ მონაწილეს, 50 წლის მიხაილ მოლოჩკოვს ორი ადამიანის უაღრესად საშიში მეთოდით მოკვლის გამო 18 წლით პატიმრობა მიუსაჯა, _ იუწყება The Insider.
მოლოჩკოვს ბრალი წაუყენეს ორი ადამიანის მკვლელობაში _ 2024 წლის ივნისში მან უდმურტიის ქალაქ სარაპულში ცოცხლად დაწვა 48 წლის დარაჯი ვიაჩესლავ სკინდერავა და მისი 45 წლის ნაცნობი ოლგა მიხანოვა, რომლებსაც, საქმის მასალების მიხედვით, ბრალდებულმა სთხოვა, ღამის გასათევად მათთან დარჩენილიყო. როცა სახლის პატრონებმა დაიძინეს, მოლოჩკოვმა იქაურობას ცეცხლი წაუკიდა, კარი კი გარედან დაკეტა, რომ გარეთ ვერავინ გამოსულიყო.
სასამართლოზე მოლოჩკოვმა ბრალი ნაწილობრივ აღიარა, თუმცა, თქვა, რომ დანაშაული „სპონტანურად“ და „სისასტიკის გარეშე“ ჩაიდინა.
ბოლო სიტყვაში ბრალდებულმა სთხოვა მოსამართლეს, არ დაესაჯათ ის მკაცრად, რადგან სურვილი ჰქონდა, ისევ გამგზავრებულიყო ომში:
„მე კიდევ შემიძლია სამშობლოს სარგებელი მოვუტანო და რამდენიმე „ხახოლი” საიქიოს გავისტუმრო, რის გამოც ძალიან ბედნიერი ვიქნები“, _ თქვა მოლოჩკოვმა.































































