მსოფლიოს ექიმთა ასოციაციის (WMA) ხელმძღვანელის, ფრანკ ულრიხ მონტგომერის განცხადებით, კორონავირუსის „ომიკრონი“ შტამი შესაძლოა ისეთივე საშიში იყოს, როგორიც „ებოლას“ ვირუსია. ამის შესახებ გერმანული გამოცემა Berliner Zeitung-ი წერს.
მისივე თქმით, სპეციალისტებს ჯერ არ აქვთ ზუსტი პასუხი, თუ რამდენად საშიშია „ომიკრონი“, თუმცა ცნობილია, რომ ის საკმაოდ სწრაფად ვრცელდება.
„ყველაზე მეტად იმის მეშინია, რომ ეს შტამი შესაძლოა გახდეს ისეთივე ადვილად გავრცელებადი, როგორიც „დელტაა“, და ისეთივე საშიში, როგორიც „ებოლას“ ვირუსია. კაცობრიობამ თავიდანვე არასათანადოდ შეაფასა კორონავირუსის საფრთხე და მას გრიპს ადარებდა. ბევრი ქვეყანა თვლიდა, რომ კოლექტიური იმუნიტეტის გამომუშავებას შეძლებს, თუმცა შემდეგ „დელტა“ შტამი გაჩნდა“, – აცხადებს მონტგომერი.
სამხრეთ აფრიკაში მეცნიერებმა განაცხადეს, რომ კორონავირუსის ახალი ვარიანტი აღმოაჩინეს, რომელსაც უამრავი მუტაცია აქვს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მთავარმა მეცნიერმა, სუმია სვამინატანმა განაცხადა, რომ ახალ ვარიანტს სპაიკის პროტეინში არაერთი შემაშფოთებელი მუტაცია აქვს.
ევროპაში, სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილი კორონავირუსის ახალი ვარიანტის გავრცელების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. კორონავირუსის „ნიუ“ ვარიანტის გავრცელება ბელგიაში დადასტურდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილ კორონავირუსის ახალ ვარიანტს სახელი შეურჩია – „ომიკრონი“.