პოლიტიკის ექსპერტმა და კონსტიტუციონალისტმა, ვახტანგ ძაბირაძემ შესაძლო სამთავრობო ცვლილებებზე ,,გურია ნიუსთან“ ისაუბრა. ძაბირაძისთვის გაუგებარია თუ რატომ უნდა გახორციელდეს სამთავრობო ცვლილებები მაშინ, როცა, მისი თქმით, ქვეყანაში ვითარება მეტ-ნაკლებად დასტაბილურებულია. ამასთან, ძაბირაძის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული დადასტურდა მთავრობის წევრების გადადგომას ოპოზიცია საკუთარი პიარ კამპანიისთვის გამოიყენებს.
,,ასეთი ინფორმაციები ხშირად ვრცელდება მედიის საშუალებით, ვფიქრობ, ესეც მედიაში გავრცელებული მორიგი ჭორია. ვერ ხედავ აუცილებლობას, რომ მთავრობაში ასეთი ნაბიჯები გადაიდგას. დღეს ვითარება მეტ-ნაკლებად დასტაბილურდა, ამიტომ ასეთი ნაბიჯის გადადგმა ხელისუფლებისთვის პოლიტიკურად წამგებიანი იქნება. არანაირი წინაპირობა არ არსებობს, რომ მთავრობა და მათ შორის, კვირიკაშვილი გადადგეს. მთავრობის წევრების გადადგომას ოპოზიცია გამოიყენებს პროპაგანდისთვის და პიარისთვის, იტყვიან შევძელით და მთავრობის წევრები გადავაყენეთო, ამიტომ ხელისუფლებამ ამის თქმის საშუალება რატომ უნდა მისცეს ოპოზიციას გაუგებარია“,_ გვითხრა ძაბირაძემ.
ცნობისთვის, დღეს საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართება. არსებული ინფორმაციით, განხილვის მთავარი თემა სამთავრობო ცვლილებები იქნება.