ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური ვითარების გამო, რა უფრო უმჯობესია ხალხისთვის და სახელმწიფოსთვის, ხელახალი არჩევნები, პლებისციტი თუ ოპოზიციის პარლამენტში შესვლა, „გურია ნიუსი“ ოზურგეთის ქუჩებში რიგით მოქალაქეებს ესაუბრა.
გამოკითხვის პროცესში, საკმაოდ ბრაზობს როგორც ერთი, ისე მეორე მხარის მხარდამჭერები და უმეტესად, აღნიშნავენ, რომ „ხალხი დაიღალა ამ ძიძგილაობით.
შორენა სიმონიშვილი, სოფელ შემოქმედის მკვიდრი: კაცმა რომ თქვას, ორივე მხარე უნდა გაუშვა შინ. რა იქნა, როგორ ვერ მორიგდნენ. ისე კი, რა თქმა უნდა, ოპოზიცია უნდა შევიდეს პარლამენტში და იქედან იმუშაონ ხალხისთვის. ხალხს არ უნდა უძახო, ქუჩაში გამოდიო. პირიქით, შინ შედი და მთავრობა დაგეხმარებათ, რომ იქ უკეთ იშრომოთ და თავიც უკეთ იგრძნოთო.
გულო საღინაძე, ოზურგეთის მკვიდრი: რა თქმა უნდა, პარლამენტში უნდა შევიდეს ოპოზიცია და იქედან იმუშაონ. დაიღალა ხალხი.
_ ხალხია ცოდო. რა ამბავია ეს. შევიდეს ოპოზიცია პარლამენტში და შიგნიდან იმოქმედონ. მე ვასწავლო? _ გვითხრა ოზურგეთის მკვიდრმა კარლო ნაკაიძემ.
თამუნა ჭაღალიძე: რა თქმა უნდა, ოპოზიცია უნდა შევიდეს პარლამენტში!
ფატი ბურჭულაძე: რა უნდა ვთქვა? რა შედეგიც არის, ის უნდა მივიღოთ, შევიდეს ოპოზიცია პარლამენტში და იქედან გამოაცოცხლონ საქმე, შიგნიდან იმოქმედონ. ასე არ შეიძლება, _ ქეთევან ღლონტი, ოზურგეთის მკვიდრი: მე მხარს ვუჭერ, ოპოზიციის პარლამენტში შესვლას. იქ იმუშაონ რეფორმებზე, ნებისმიერ სხვა საკითხზე. ხალხი დაიღალა, ნუთუ ამას ვერ ხედავენ?
_ მიმაჩნია, რომ ან არჩევნები უნდა ჩატარდეს, ან პლებისიციტი. ასე უფრო დაწყნარდება სიტუაცია, – ამბობს შოთა ცხომელიძე.
ჯანიკო კანდელაკი, ოზურგეთის მკვიდრი: ოპოზიცია პარლამენტში შებრძანდეს. „ოცნებამ“ კიდევ, უფრო გამოიფხიკოს ყურები და ხალხს მიხედონ. საერთოდ, ორივე მხარემ მიხედოს ხალხს. აირია ქვეყანა. მოცლილია ეს ხალხი. ადამიანებს შიათ, უკეთეს მომავალს ითხოვენ. რა ქვია ამ საქციელს?
_ მე რა სოციუმშიც ვტრიალებ, უმეტესობა მიიჩნევს, რომ ოპოზიცია უნდა შევიდეს პარლამენტში. მეც ამ აზრის ვარ. დაიღალა ხალხი. სიმშვიდე და მოსვენება, ამავე დროს, უკეთეს მომავალში ცხოვრება უნდათ, _ გვითხრა თამარ ლომჯარიამ.
გამოკითხული შვიდი მოქალაქიდან, ვინც ვინაობა არ დაგვისახელა, სამმა გვითხრა, რომ ვადამდელ არჩევნებს უჭერენ მხარს.
_ ჩვენ არ გვაინტერესებს პოლიტიკა. ჩვენი პოლიტიკა არის ის, აი, იქ მივდივართ, – გვითხრა ოთხმა მათგანმა და ოზურგეთის ეკლესიისკენ გაიშვირეს ხელი.