ოპოზიცია ცესკო-ს საბოლოო ოქმებს სასამართლოში ასაჩივრებს. მათი შეფასებით 21 ოქტომბერს ჩატარებული თვითმართველობის არჩევნები ქართველი ხალხის ნებას არ გამოხატავდა.
ამ წუთებში საჩივარი უკვე მზადდება, რომელსაც საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია სასამართლოში ერთად შეიტანს. სარჩელს, თითქმის, ყველა ოპოზიციური პარტია მოაწერს ხელს და მოქმედებასაც კოორდინირებულად გააგრძელებს.
ლიდერთა საბჭოს ოფისში “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები უკვე მივიდნენ, ცოტა ხანში ოფიში “ევროპული საქართველოს” წევრებს ელოდებიან. სარჩელს ხელს “პატრიოტთა ალიანსის” წევრებიც მოაწერენ. ენმ ცესკო-ს შემაჯამებელ ოქმებს სასამართლოში დამოუკიდებლადაც ასაჩივრებს.
„მმართველი პარტია ჩრდილოეთ კორეაშიც მიიჩნევს, რომ შესანიშნავი არჩევნები ტარდება, მაგრამ გერმანია და საფრანგეთი იმისგან განსხვავდება უზბეკეთისგან, საქართველოსგან და ჩრდილო კორეისგან, რომ ის ოპოზიციური პარტიებიც მიიჩნევენ, რომ არჩევნები სამართლიანად ტარდება. ჩვენი ამოცანაა, რომ მთავარი გზავნილი საერთაშორისო ორგანიზაციებამდე მივიტანოთ, რომ საქართველო არის ევროპის კონტინენტზე სამი ქვეყნიდან ერთ-ერთი, სადაც ყველა არჩევნებში ერთი და გივე მმართველი პარტია იგებს,“- განაცხადა ”თავისუფალი საქართველოს” თავმჯდომარემ, კახა კუკავამ.
„საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ თავმჯდომარის, ბაჩუკი ქარადავას შეფასებით, საქართველოსთვის უპრეცენდენტო შემთხვევაა, როდესაც, თითქმის, ყველა ოპოზიციური პარტია, მათ შორის საპარლამენტო და არასაპარლამენტო, თანხმდება, რომ 2017 წლის ადგილობრივი არჩევნების შედეგებს ერთობლივად გაასაჩივრებს.
ოპოზიციის წევრები თვითმმართველობის არჩევნების ტოტალურ გაყალბებაზე საუბრობენ.
„მიზანი, უპირველეს ყოვლისა არის, რომ გაყალბებულ არჩევნებს სამართლებრივადაც დაერქვას გაყალბებული არჩევნები, რომ ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ გაიგონ, რომ ხმების მოპარვა, ქურდობა კრიმიანლია და ეს დასჯადი უნად იყოს,“- განაცხადა ”დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს” მთავარი საბჭოს წევრმა, გიორგი ახვლედიანმა.