ოპოზიციის მიმართვა პრეზიდენტს – შარლ მიშელის შეთანხმებაზე ხელმომწერი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები სალომე ზურაბიშვილს ნიკა გვარამიას შეწყალებისკენ მოუწოდებენ.
ოფიციალური დოკუმენტი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უკვე გაიგზავნა:
“პოლიტიზირებული მართლმსაჯულების დასრულება დეპოლარიზაციის მიზნით იმ პოლიტიკური შეთანხმების სულისკვეთებაა, რომელიც ევროპული საბჭო პრეზიდენტის, შარლ მიშელის უშუალო ჩართულობით და თქვენი მონაწილეობით 2021 წლის 19 აპრილს გაფორმდა.
შესაბამისად, გვსურს მოგმართოთ საქართველოს ევროპული მომავლის უზრუნველყოფისა და ქვეყანაში პოლიტიკური დეპოლარიზაციის ხელშეწყობის მიზნით, გამოიყენეთ საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის ვ ქვეპუნქტით თქვენთვის მინიჭებული უფლება და შეიწყალეთ მსჯავრდებული ნიკა გვარამია.
19 აპრილის შეთანხმების ხელმომწერი პოლიტიკოსები ასევე მზად არიან შეგხვდნენ უახლოეს დღეებში და უშუალოდ გაგაცნონ საკუთარი არგუმენტაცია,თუ რატომ ესახებათ შეწყალების გამოყენება მიზანშეწონილად ნიკა გვარამიასთან მიმართებაში”, _ნათქვამია ოფიციალურ მიმართვაში.