ხმაური და დაპირიპირება იყო დღეს ლანჩხუთის საკრებულოში, სოციალური კომისიის სხდომაზე, სადაც „გურია ნიუსის“ ინფორმაციით, სპორტული ცენტრის საკითხი განიხილებოდა. სხდომის ეს ნაწილი, კომისიის თავმჯდომარის ემზარ თედორაძის გადაწყვეტილებით, დახურულად გამოცხადდა. თედორაძის განმარტებით, ეს გადაწყვეტილება სპორტული ცენტრის თანამშრომელთა მოთხოვნით მიიღო.
როგორც გაირკვა, სოციალური კომისიის სხდომაზე ცენტრის დირექტორს გოჩა ლომაძეს თანამშრომელთა ნაწილი ღიად დაუპირისპირდა და მისი სამსახურიდან წასვლა მოითხოვა.
„თავად თანამშრომლებმა მთხოვეს, რომ სხდომა დახურული ყოფილიყო. ფაქტია, სპორტულ ცენტრში არაჯანსაღი ვითარებაა და კოლექტივი ორ ნაწილადაა გაყოფილი. შექმნილი მდგომარეობა, რა თქმა უნდა, ნეგატიურად აისახება სპორტული ცენტრის მუშაობაზე. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას მოუწევს დროული გადაწყვეტილება მიიღოს ამ საკითხზე“, _ გვითხრა თედორაძემ.
სხდომას მერიის კულტურისა და სპორტის სამსახურის უფროსი ია ჩხაიძეც ესწრებოდა.
„პირადად ვესწრებოდი ამ სხდომას და მოვისმინე ის პრეტენზიები, რაც ცენტრის თანამშრომელთა ნაწილს აქვს, ამის თაობაზე მანამდეც ვიყავი ინფორმირებული. ამ საკითხის დარეგულირება უშუალოდ მერის პრეროგატივაა და თუ მისი მხრიდან იქნება დავალება, ჩვენი სამსახური შეისწავლის სპორტულ ცენტრში არსებულ მდგომარეობას. ფაქტია, რომ ვითარება იქ მართლაც არაჯანსაღია“, _ გვითხრა ია ჩხაიძემ.
თუ რას გადაწყვეტს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა სპორტულ ცენტრთან მიმართებაში, ჯერჯერობით, უცნობია, სოციალური კომისიის სხდომას არც მერი და არც მისი მოადგილე არ დასწრებიან.
„სოფელ ნინოშვილში ვიყავი აქციაზე და ამ დროისთვის არ ვარ ინფორმირებული, თუ რა ხდებოდა სოციალური კომისიის სხდომაზე. მერიც არ იმყოფება ლანჩხუთში, თბილისშია. ასე რომ, ამ ეტაპზე, კონკრეტულს ვერაფერს გეტყვით საკითხთან დაკავშირებით“, _ გვითხრა გოგი ფაცურიამ.
შეგახსენებთ, რომ „გურია ნიუსი“ უკვე წერდა სპორტულ ცენტრში არსებული დაპირისპირების შესახებ, სადაც ცენტრის დირექტორს, გოჩა ლომაძეს თანამშრომლების მიმართ ძალადობაში ამხელდნენ. თუმცა, მაშინ ლომაძე მისი მისამართით გაჟღერებულ ყველა ბრალდებას კატეგორიულად უარყოფდა. სპორტული ცენტრის თანამშრომელთა ნაწილიც მხარდაჭერას გამოთქვამდა დირექტორის მიმართ.
ამავე თემაზე: სპორტული ცენტრის დირექტორს თანამშრომელთა ნაწილი გამოექომაგა