საფრანგეთის რანგით მეორე დივიზიონის, პრო დ2-ის, მე-17 ტური დღეს აიღებს სტარტს და ორი შეხვედრა გაიმართება. ბასკური „პერპინიანი“ „კოლომიეს“ უმასპინძლებს, ხოლო „გრენობლი“ „რუენს“ ეწვევა. ოთხივე გუნდის განაცხადში არიან ქართველი მორაგბეები. ჩოხატაურელი პირველხაზელი, ვახტანგ ჯინჭარაძე, დღეს გასამართ შეხვედრაში სასტარტო სამი ნომერი იქნება. ჯინჭარაძემ 2019 წელს საქართველოს 20 წლამდე ნაკრებთან ერთად არგენტინაში გამართულ მსოფლიო თასზე იასპარეზა, სადაც ოთხ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ახალი ზელანდიის ნაკრების წინააღმდეგ ლელოს დადებაც მოახერხა.
ბასკურ კლუბს უმაღლესში დაბრუნების კარგი შანქი აქვს, ეს გუნდი პირველ ადგილზე იმყოფება და სამხრეთელებისთვის დღევანდელ მატჩში გამარჯვებას დიდი მნიშვნელობა ექნება. „პერპინიანმა“ 2018 წელსაც მოიგო პრო დ2 და უმაღლესში იასპარეზა.
მეოთხე ადგილზე მყოფი „კოლომეს“ მარქაფაში კიდევ ერთი ქართველი ბექა შეყლაშვილია, რომელიც 23 ნომრიანი მაისურით იასპარეზებს. მატჩი თბილისის დროით 23:45-ზე დაიწყება.
კიდევ ერთი ჩოხატაურელი, კარლენ ასეიშვილი, „რუენის“ სასტარტო ბურჯი იქნება. მარქაფაშია თაზო მჭედლიძე. ორივე მორაგბეს კარგად იცნობს ქართველი გულშემატკივარი, მათ არაერთი მატჩი ჩაუტარებიათ ნაკრების კვართით.
„გრენობლსაც“ ორი ქართველი ყავს შემადგენლობაში. თამაშს პირველი ნომრის პოზიციაზე დაიწყებს 24 წლის ნიკა ნეფარიძე, ხოლო მარქაფაში იქნება, ასევე პირველხაზელი, 27 წლის ილია კაიკაციშვილი.
მატჩი თბილისის დროით 22:00-ზე დაიწყება.