თხილის სეზონი დასასრულს მიუახლოვდა. ახლა ოზურგეთში, „გულშიშველა“, ივლისიდანვე დადგენილი ფასით (ერთი კილოგრამი 2 ლარად) ბარდება. „ბერძნულას“ ფასი, გატეხვის პრინციპით, შესაძლოა, 5-10 თეთრით მეტი იყოს. თუ სურვილი გაქვს, შედარებით მალალ ფასად ჩააბრო, გატეხავენ და ერთი თხილის გული 50-55 თეთრია. აქედან გამომდინარე, ერთ კილოგრამში 5-5,5 ლარს გადაგიხდიან.
_ ენერგიის მუდმივობის კანონი თუ მუდმივია იზოლირებულ სისტემაში, ა, ბატონო, ასე იზოლირებულად, გურული თხილს მუდმივობის კანონი დაუწესდა ფასებში _ რაც არ უნდა კარგი იყოს, „გულშიშველა“ თუ ნარევი თხილი, ერთი კილოგრამი მაინც 2 ლარი ღირს! რაც არ უნდა კარგი იყოს „ბერძნულა“, ცალობის მიხედვით გატყდება და ერთი თხილის გული იანგარიშება 50-55 თეთრად. ასე რომ, სანამ იზოლირებულია ვართ ვიღაცების მიერ ჩვენი თხილის ამბები, ფასიც იქნება მუდმივად ასეთი, _ ხუმრობენ დილაადრიან ოზურგეთში ადგილობრივები და ცოტათი ფიზიკის კანონებში გარკვეული ტაქსის მძღოლები, რომლებსაც თხილის ფასის მუდმივობის კანონის გადმოგურულება სცადეს:
_ რა ვქნათ, აბა, ამ დილაადრიან, ხუმრობაც არ მოვიშველიოთ? მაგ თხილს მაინც არაფერი ეშველება, გინდ იცინე, გინდ იტირე… ამიტომ ისევ სიცილი სჯობს, _ კვლავ აგრძელებენ ხუმრობას.
როგორც თხილის მიმღები ოპერატორები გვეუბნებიან, თხილის სეზონი მიიწურა. აწი ერთეულებს თუ ექნებათ გადანახული და ჯერ არ ჩააბარებენ. ხალხი კი „ნაგერას“ (ნარჩენს) თუ მოიტანს და ესეც 2 ლარი ღირს, თუ სათხილეებიდან ძაან ნაგავს არ წამოაყოლებენო.
ავტორი