ორი თვის წინ დაკარგული 23 წლის შოთა სამხარაძე გარდაცვლილი იპოვეს. აღნიშნულ ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.
როგორც გარდაცვლილის მეგობარი ამბები.გე-სთან ყვება, შოთა სამხარაძე გუშინ კურორტ შოვთან ახლოს, ტყეში იპოვეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. გარდაცვალების მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს.
ახალგაზრდა მამაკაცი ონის მუნიციპალიტეტში ორი თვის წინ დაიკარგა. სამაშველო სამსახურში შეტყობინება 14 იანვარს შევიდა. თვითმხილველების თქმით, ბიჭი ბოლოს სასტუმროების მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ თოვლის ფესტივალზე ნახეს, მოგვიანებით ტერიტორია დატოვა და მას შემდეგ აღარ გამოჩენილა.