ლანჩხუთში, ლესის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელი საკრებულოში ერთ-ერთი მათგანია, ვინც რეგლამენტით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, მის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში ჩააბარა მოსახლეობას.
ელისო ჭიჭინაძემ გასულ წელს გაწეული მუშაობის შეჯამებისას ერთ-ერთ საკითხად სოფელში გახორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც ისაუბრა და, როგორც საკრებულოს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა, თქვა, რომ სოფელში წყალმომარაგების ქსელი მოეწყო. თუმცა, მიუხედავად ამისა, ინფორმაციის ქვემოთ გაკეთებული ზოგიერთი კომენტარის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, წყალმომარაგების ქსელის მოწყობის მიუხედავად, ლესელებისთვის უწყლობა უცხო ნამდვილად არაა და ეს პრობლემა დღემდე აქტუალურია მათთვის.
_ წყალმომარაგების ქსელის მოწყობა საკმარისი არ არის, ქალბატონო ელისო, მოწყობილ ქსელებში, “კორეას” უბანში წყალი მაინც არ მოდის. როდის ეშველება ამ უბანს, ამაზეც გეთქვათ ორი სიტყვით, მაგრამ უფრო კარგად ჟღერს, რომ ქსელები მოწყობილია.
“კორეა” ლესას ეკუთვნის, როგორც ვიცი და ქსელები იქ ნამდვილად მოწყობილია, სადაც წყალი არ მოდის. პირველი ტენდერით მილები მოწყობილია, მეორე ტენდერით სათავეში აუზები გაკეთებულია. მაინტერესებს, ამჯერად ტენდერი რა ტიპის სამუშაოებზე ცხადდება. ალბათ, წინა ტენდერების ხარვეზების გამოსწორების სამუშაოებზე. იმედია, შედეგი იქნება.
ვერაფრით ამიხსნია _ წყლის სისტემის რეაბილიტაციაზე დაიხარჯა სოლიდური თანხა და ამ სიკეთით რატომ სარგებლობს მოსახლეობის ნაწილი და მეორე ნაწილი საერთოდ ვერ სარგებლობს?! როგორც თქვენ ამბობთ, ახალი სამუშაოები დაიწყება, მანამდე დააწესონ გრაფიკი დღეგამოშვებით ან ორ დღეში ერთხელ. ნუთუ, ამის გაკეთებაც ძნელია…, _ ამ შინაარსის კომენტარს აკეთებს საკრებულოს ოფიციალურ გვერდზე ლესაში, ე.წ. “კორეას” უბანში მცხოვრები მაყვალა მუკერია.
ის, რომ ლესაში გაუმართავი წყალმომარაგების სისტემაა, ცხადი ხდება ბიჭიკო კვაჭაძის კომენტარიდანაც, რომელიც აქცენტს ამ კუთხით თანხის არამიზნობრივ ხარჯვაზე აკეთებს:
“შეპირება გვქონდა, რომ 2019 წლის ბოლოს წყალი ექნებოდა კუთხეს და იყო თხოვნა მოგვეთმინა ერთი წელი. გამოდის, რომ კიდევ არ შეასრულეს დაპირება. სამწუხაროა, რომ წყლის ქვეყანაში ვცხოვრობთ, 100 ათასი ლარი არის დახარჯული ბიუჯეტიდან და წყალი მაინც არ არის… არც გზებია გაკეთებული. არ ვიცი, ეს კუთხე საერთოდ არ შედის ლესის ადმინისტრაციულ ერთეულში? ანგარიში ვინმემ გააკონტროლა? მე ვერ ვხედავ ვერც გაკეთებულ გზებს და ვერც გაკეთებულ საქმეებს. მოსახლეობას წყალი არ აქვს, მაგრამ ხიდთან წყალი იღვრება, არავინ ამაზე არ დარდობს, სამწუხაროდ…”
ის, რომ სოფლისთვის, განსაკუთრებით კი “კორეას” უბნისთვის მთავარი პრობლემა წყალს უკავშირდება, ადასტურებს ლესის მაჟორიტარი საკრებულოში ელისო ჭიჭინაძის მხრიდან თანასოფლელების საპასუხოდ გაკეთებული კომენტარიც:
“პირველი და მთავარი პრობლემა, რომელიც ჩვენს სოფელს და განსაკუთრებით, “კორეას” აწუხებს, წყალია.
არსად მითქვამს, მოწესრიგდა წყლის პრობლემაო. იმ შეხვედრის დილითაც მერთან მქონდა ვიზიტი, ახალი და დაზუსტებული პასუხი რომ მიმეღო ჩვენი წყლის ტენდერთან დაკავშირებით, ვინაიდან, როგორც იცით, გადაწყვეტილი იყო 2019 წელს “კორეას” საბოლოოდ მოგვარებოდა ეს პრობლემა. სამწუხაროდ, ზუსტი პასუხი ეს მივიღე, რომ დაიწყება ამ წელს, დამთავრდება მომავალ წელს.
ჩემი, როგორც დეპუტატის ყველაზე მთავარი გამოწვევაა ამ პრობლემის მოგვარება სოფელში…
მე საკუთარი თვალით ბევრჯერ მინახავს 40 გრადუს სიცხეში ნახევარი კილომეტრიდან წყლის ბიდონებით დატვირთული ქალბატონები. გაუსაძლისია ამის ატანა. ფინანსები გამოყოფილია, ველოდებით ტენდერს…
თუ ვინმე ამ ეტაპზე რამე გამოსავალს ხედავთ, მიღებული იქნება, მე მიგყვებით მერთან, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერავინ მაძლევს მაგის პირობას.
ერთადერთი გამოსავალი, როგორც თვითონ “კორეის” მოსახლეობა ითხოვს, ფაბრიკიდან წყლის გადაყვანაა”, _ თანასოფლელების საპასუხოდ განმარტებას აკეთებს ელისო ჭიჭინაძე და იქვე დასძენს, რომ იგეგმება ყოფილი ჩაის ფაბრიკიდან “კორეის” უბანში წყლის გადაყვანა, რისთვისაც დაზიანებული შიდა მილების გამოცვლაა გათვალისწინებული.
ლესის მაჟორიტარი აქვე იმასაც განმარტავს, თუ რა თანხა გაიხარჯა ლესაში წყლის სისტემის მოსაწყობად და რაში:
“რაც შეეხება იმას, რომ უამრავი ფული დაიხარჯა წყალზეო, გიპასუხებთ _ დახარჯულია 100 ათასი ლარი. გაკეთდა სათავე ნაგებობა, ორი რეზერვუარი.
იქ ისეთი მდგომარეობა იყო, რომ გენახათ, თვითონ იტყოდით უარს ამ წყალზე…
რამდენიმე ადგილას გამსკდარი მილი გამოიცვალა. თუმცა, ხმამაღლა ვამბობ ყველგან და აქაც დაგიდასტურებთ, მე ველოდი უკეთეს შედეგს, იქედან გამომდინარე, რომ ერთი პროცენტით არ გაუმჯობესებულა წყლის მიწოდება მოქალაქეებისთვის”, _ თანასოფლელების საპასუხოდ განმარტავს ლესის მაჟორიტარი.





























































