„ნაპოლი“ – „მილანის“ შეხვედრის დასრულებიდან რამდენიმე დღე გავიდა და ემოციები შედარებით ჩაცხრა. ხვიჩა კვარაცხელიას თამაში და გამოუყენებელი თერთმეტმეტრიანი ევროპულ სპორტულ მასმედიაში კვლავ განსაკუთრებული დაინტერესების თემაა და ახალგაზრდა ქართველი თავდამსხმელის შესახებ არაერთი ცნობილი საფეხბურთო ექსპერტი საკუთარ მოსაზრებას აქვეყნებს.
ნეაპოლური ვებგვერდი „Tuttonapoli“ ხვიჩა კვარაცხელიას „მილანთან“ თამაშს გამოეხმაურა:
„პენალტი შეიძლება ნებისმიერმა გააცუდოს, ჟირუს მსგავსმა მსოფლიოს ჩემპიონმაც კი ვერ გაიტანა, ამიტომ, კვარაცხელია არ უნდა დავაკნინოთ, რომ მსოფლიოს საუკეთესო მეკარეს ვერ აჯობა, როგორიც მენიოა. კვარა 22 წლისაა და პოტენციურად უკვე ჩემპიონია, მის ასაკში ყველას არ აქვს ასეთი ძლიერი ხასიათი, ისევე, როგორც ნიჭი და ხარისხი. „მილანთან“ ზოგჯერ არაფერი გამოსდიოდა, მაგრამ მინიმუმ ორჯერ მაინც ჰქონდა საგოლე მომენტი, რომლებიც დამოუკიდებლად შექმნა.
რა თქმა უნდა, პირველ თამაშში შეცდომის გამო სინანულია, მაგრამ მომავალი მის მხარეზეა. სწორედ ასეთი მატჩებიდან შეიძლება გაიზარდო, მომავალი სეზონი განსხვავებული იქნება, ჩემპიონთა ლიგასაც სხვა რწმენით შეხვდება. ეს მინიმუმამდე შეამცირებს შეცდომებს და შესაძლოა პენალტის ნიშნულიდანაც უფრო ცივსისხლიანი იყოს“, – დაწერა გამოცემამ.
„პალერმოსა“ და „კატანიას“ ყოფილ სპორტულ დირექტორს პიეტრო ლო მონაკოს შემდეგი მოსაზრება გააჩნია:
„რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხაროა მომდევნო ეტაპზე ვერგასვლა, მაგრამ არა იმდენად, რომ ყველაფერი კითხვის ქვეშ დავაყენოთ. კვარაცხელიაზე უარყოფითი კომენტარები მოვისმინე, მაშინ, როდესაც მიმაჩნია, რომ ორმაგი ან სამმაგი მეურვეობით მხოლოდ მარადონას ეთამაშებოდნენ. შეიძლება ითქვას, რომ „ნაპოლისთვის“ თამაშში ალტერნატიული ვარიანტი არ არსებობდა. შეეძლოთ ჟელინსკით სიღრმიდან შეტევა, მაგრამ ვერ გააკეთეს, კიდევ ერთი უარყოფითი ფაქტორი იყო პოლიტანოს ტრავმა, რომელმაც თამაში მართლაც გამორჩეულად დაიწყო. ბევრი გარემოება იყო, რამაც „ნაპოლი“ დააზარალა“.
ახლო წარსულში ცნობილმა იტალიელმა ფეხბურთელმა ალესანდრო კოსტაკურტამ ხვიჩა კვარაცხელიას თამაში შემდეგნაირად შეაფასა:
„როგორ შევაფასებ კვარაცხელიას თამაშს? მე მომეწონა. ყოველთვის ძლიერია. პირველ ტაიმში დაცვამ ის შეაჩერა, რომელმაც გუნდურად ძალიან იმუშავა, „მილანის“ ფეხბურთელები ორმაგად, ზოგჯერ სამმაგად მეურვეობდნენ, მაგრამ მეორე ტაიმში მან რამდენიმე რთული სიტუაციიდან გამოსვლა მოახერხა. ზოგს ეჩვენება, რომ ის აღარ არის ისეთი ძლიერი, როგორიც ორი თვის წინ იყო, მაგრამ ჩემს თვალში ის ყოველთვის ძალიან ძლიერია“.
ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა დანიელე ადანიმ განაცხადა, რომ „ნაპოლის“ რიგებიდან საუკეთესო მოთამაშე ცალსახად ხვიჩა კვარაცხელია იყო, პენალტის გაცუდების მიუხედავად.
„ნაპოლიდან“ საუკეთესო კვარაცხელია იყო. სხვა დროს ის ორივე შემთხვევაში კარში ბურთს მოარტყამდა, მაგრამ მხოლოდ 22 წლის ბიჭია, ამიტომ არ გავაკრიტიკებ. ოსიმენიც მას დიდად ვერ დაეხმარა. „ნაპოლიმ“ კარისკენ 26-ჯერ დაარტყა, თუმცა, მიზანში ძალიან ცოტა, რადგან „მილანი“ თავს კარგად იცავდა“.
იტალიური გამოცემის „Tuttonapoli“-ს ვიცე-დირექტორი არტურო მინერვინი ხვიჩა კვარაცხელიას თამაშით აღფრთოვანებული დარჩა:
„მილანთან“ გამართულ ორივე მატჩში „კვარამ“ მონდომება არ დააკლო. მეტოქეების წინააღმდეგ თამაში მარტოს უწევდა, რადგან მისი პარტნიორი ვიქტორ ოსიმენი არც ისე ხშირად იყო ხელმისაწვდომი.
ქართველმა ერთ-ერთ ეპიზოდში „მილანის“ კარს ბურთი სრულიად შემთხვევით ააცილა. შეუპოვარი და ამაყი ბიჭია. ერთხელ იტალიელმა კომპოზიტორმა ლუსიო დალამ ასეთი რამ თქვა: „როცა სილამაზეზე მესაუბრებიან, პირველი ნეაპოლი მახსენდება“. დღეს, მე კვარას აცრემლიანებული თვალები მახსენდება და ამით ვამაყობ“.