ამერიკელი მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ორთქლის აბანოში ხშირი სტუმრობა ნეგატიურად მოქმედებს მამაკაცის რეპროდუქციულ სისტემაზე.
მერილენდის შტატის უნივერსიტეტის მკვლევარებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი. 200-კაციანი ჯგუფი სამი თვის მანძილზე კვირაში ორჯერ 15 წუთს ატარებდა საუნაში. გამოკვლევების თავსა და ბოლოში ითვლებოდა სპერმატოზოიდთა რაოდენობა და აქტივობა.
200-ვე მამაკაცს გამოკვლევის დაწყებამდე სპერმატოზოიდების მდგომარეობა ჰქონდა აბსოლუტურად ნორმალური. სამი „აბანოს თვის“ განმავლობაში მათი კონცენტრაცია სპერმის ერთ მილილიტრზე გადაანგარიშებით სწრაფად მცირდებოდა და შედეგად, ექსპერიმენტის ბოლოსათვის მათ 87%-ს ეს მაჩვენებელი დაეცა ბავშვის ჩასახვის უნარიანობის მინიმალურ დონეზე დაბლა.
მართალია, მოგვიანებით ფუნქციამ თანდათანობით დაიწყო აღდგენა, მაგრამ ძალიან ნელა. საწყის, ნორმალურ მდგომარეობაში დასაბრუნებლად საჭირო აღმოჩნდა ნახევარი წელი.
მეცნიერთა დასკვნით, ყველაფრის თავი და თავია ზემაღალი ტემპერატურა. დასაშვებ ბიოლოგიურ ნორმაზე ცელსიუსის 3 გრადუსით მომატება იწვევს სპერმატოზოიდების დაღუპვას, რომლებიც ვერ ინარჩუნებენ სიცოცხლისუნარიანობას ექსტრემალურ ტემპერატურულ პირობებში. კრიტიკული ტემპერატურა ნეგატიურად მოქმედებს იმ უჯრედებზეც, რომლებიც გამოიმუშავებენ სპერმატოზოიდებს, რა მიზეზითაც რეპროდუქციული ფუნქცია დიდი ხნის პერსპექტივით ფერხდება.
მამაკაცებს, რომლებიც მკურნალობენ უშვილობის მიზეზით, ექსპერტები ურჩევენ მოერიდონ ორთქლის აბანოებს. მათი დასკვნით, 30 წლამდე მამაკაცს, საკუთარი ჯანმრთელობისთვის ვნების მიყენების გარეშე შეუძლია საუნაში სტუმრობა არა უხშირეს, ვიდრე სამ კვირაში ერთხელ. უფრო ასაკოვანი მამაკაცებისთვის საუნაში სტუმრობის სიხშირე კიდევ უფრო უნდა შემცირდეს.
სხვათა შორის, ორთქლის აბანოზე არანაკლები ზიანის მოტანა შეუძლია ტელეეკრანს: როგორც შეფილდისა და მანჩესტერის უნივერსიტეტის მკვლევარებმა დაასკვნეს, იმ მამაკაცებს, რომლებიც კვირაში 20 საათზე მეტს ატარებენ ტელევიზორთან, სპერმატოზოიდების რაოდენობა ნორმასთან შედარებით შემცირებული აქვთ 44%-ით.
ავტორი