ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული თბილისის მერიის ყოფილი თანამშრომელი ოთარ აბესაძე ამ წუთებში ექსპერტიზაზე იმყოფება. აბესაძის ადვოკატის განცხადებით, მას ჯანმრთელობის პრობლემები აქვს.
ირმა ჭკადუა ამბობს, რომ დღესვე აბესაძის ბრალდების საქმის განხილვაა ჩანიშნული და მხარეებმა შესავალი სიტყვა უნდა თქვან.
სასამართლო პროცესი დღეს 16:00 საათზეა ჩანიშნული.
იმ შემთხვევაში თუ ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდება, ადვოკატი ირმა ჭკადუა სასამართლო პროცესზე შუამდგომლობის სახით არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიებას მოითხოვს.
ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებულ ოთარ აბესაძეს, 14 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
ოთარ აბესაძეს ბრალი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში 13 ივლისს წაუყენეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქრთამის აღების ფაქტზე თბილისის მერიის თანამშრომელი ოთარ აბესაძე 12 ივლისს დააკავა.
საბრალდებო დასკვის მიხედვით, ოთარ აბესაძე მოქალაქეებს მდინარე მტკვარზე, ტივზე კაფეს მოწყობის ნებართვების დაჩქარებული წესით აღებას დაჰპირდა, რის სანაცვლოდ ქრთამი – 3 000 აშშ დოლარი – მოითხოვა.
imedinews.ge