ეკა ბესელიას განცხადება ძალიან გაუგებარი იყო, აზრი ვერ გამოვიტანე, – ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა, ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ოთარ კახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ეკა ბესელიამ დღეს „ვერაფერს მოჰფინა ნათელი“.
„ქალბატონმა ბესელიამ დააანონსა, რომ რაღაცას ნათელს მოჰფენდა და დღეს ვერაფერსაც ვერ მოჰფინა ნათელი. ჩემთვის მისი დღევანდელი განცხადება ძალიან გაუგებარი იყო. აქედან აზრი მე ვერ გამოვიტანე. ბესელიასგან განსაკუთრებული მოლოდინი არ მქონდა, რომ რამეს იტყოდა. როგორც ჩანს, ივანიშვილის წერილის შემდეგ მან გადაწყვიტა, რომ გუნდის შიგნით მისი შანტაჟის არ ეშინიათ“, – აღნიშნა ოთარ კახიძემ.
საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლის თქმით, მთავარი საკითხი, რომელიც საზოგადოებას აღელვებს „ქართული ოცნების“ შიდა დაპირისპირების მიღმა, სასამართლოს დამოუკიდებლობაა.
„სამწუხაროდ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს არ აღელვებთ ექვსი წლის განმავლობაში ამ სასამართლოს მიერ გამოტანილი უკანონო გადაწყვეტილებები. მათ არასდროს გამოუთქვამთ რაიმე ტიპის უკმაყოფილება თუნდაც „რუსთავი 2“-ის, „კაბელების“ და პოლიტიკური ოპონენტების დევნის საქმეებზე. ეს ყველაფერი არა რეალური დაპირისპირებაა მართლმსაჯულების საკითხებზე, რომელზეც თითქოს საუბრობენ, არამედ შიგნით თანამდებობებისა და გავლენებისთვის ბრძოლა. ივანიშვილის რეჟიმი დაღმართშია და დასასრულისკენ მიდის. შესაბამისად, შიგნით ეს განსაკუთრებული დაპირისპირებაც აქედან გამომდინარეობს“, – განაცხადა ოთარ კახიძემ.