საქართველოს ეროვნული ნაკრები უკრაინასთან მატჩისთვის მზადებას პოზნანში განაგრძობს. ჩვენმა გუნდმა ლეხის საწვრთნელ ბაზაზე სრული შემადგენლობით ივარჯიშა.
მოახლოებული მატჩებისთვის მზადების თაობაზე კომენტარი ოთარ კიტეიშვილმა გააკეთა.
“განწყობა, როგორც ყოველთვის, იდეალურია. ვემზადებით მნიშვნელოვანი და ძალიან რთული თამაშებისთვის. სექტემბერში წარმატებული მატჩები ჩავატარეთ, რაც დიდი შრომის და კარგი მომზადების დამსახურებაა.
აუცილებელია, რომ ეს წარმატებული სერია გავაგრძელოთ. განსაკუთრებულად უნდა მოვემზადოთ მოახლოებული თამაშებისთვის და იმედი მაქვს, შედეგი იქნება ისეთი, როგორიც სექტემბერში გვქონდა.
ევროპის ჩემპიონატს თუ არ ჩავთვლით, გასვლით მატჩზე ამდენი გულშემატკივარი არასდროს ყოფილა, რამდენიც უკრაინასთან თამაშს დაესწრება. ეს ახალი გამოცდილებაა ჩვენთვის. ქართველ გულშემატკივარს უკვე აქვს იმის სურვილი, რომ გასვლით მატჩებზე იყვნენ ჩვენთან ერთად. გაკვირვებულები და ძალიან გახარებულები ვიყავით, როდესაც გავიგეთ, რომ ამდენი ქართველი გულშემატკივარი გვეყოლება სტადიონზე”,_ განაცხადა კიტეიშვილმა.