ერთხელ ოტია იოსელიანი სანადიროდ წავიდა. სახლში ერთი ჟანგიანი თოფი ჰქონდა ჩამოკიდებული, 30 წელი რომ არავის უსვრია, ისეთი. ობობას ქსელში გახვეული ტყვიები ამოალაგა უჯრიდან, და წაყვა თავის „ძმაკაცებს” (ისინიც მისნაირი მონადირეები იყვნენ).
წინა დღეს მეზობელს, კაი მონადირეს, დიდის ამბით სთხოვა, ძაღლი გამაყოლეო. კი გაუკვირდა მეზობელს, რაის ნადირობა აუტყდაო, მაგრამ ამხელა მწერალ კაცს უარს ხომ ვერ ეტყოდა.
წავიდა ოტია თავის ძმაკაცებთან, გავიდა მინდორში, გავარდა ძაღლი, ააფრინა მწყერი, მაგრამ, სანამ ოტიამ თოფი გადმოიღო, გაფრინდა მთელი გუნდი. წავიდა, იბორიალეს, გავარდა ძაღლი, ააფრინა მეორე მწყერი. ასწია ოტიამ თოფი, ისროლა, მაგრამ ეს რა იყო, ჭექა-ქუხილი გეგონებოდა, თოფიდან ისეთი ხმა გავარდა.
ირგვლივ კიდევ წვრილ ნაფლეთებად დაგლეჯილმა ქაღალდებმა დაფარა ყველაფერი. ერთი კი გაუკვირდა ოტიას, რა ქაღალდით დატენეს ჰილზებიო, მაგრამ გააგრძელა გზა.
იარა იარა. ააფრენდა ძაღლი მწყერს, ეს დააცილებდა. მივარდებოდა ძაღლი, ეძებდა, ეძებდა დაჭრილ ფრინველს, მაგრამ, რაც არ ჩამოუგდია, რას მოძებნიდა.
ბოლოს წავიდა ოტია ბაზარში, იყიდა 3 ცალი მწყერი, მიიტანა სახლში, დადო მაგიდაზე და ცოლს ეუბნება, მიდი, ქალო, ნანადირევი მოვიტანე, გაამზადეო.
ნანადირევიოო, დიდუუუ! – გადაირია ამაზე ოტიას ცოლი. – მამაჩემის თოფი ხომ არ წაგიღია სანადიროდო? – შეიცხადა ქალმა. – კი, ქალო, რა მოხდა მერე, ერთი დაჟანგული თოფი წევიღე მამაშენის, სხვა მაინც არაფერი ხეირი მაგისგანო. – ტიტუუუუ, მაგის ლულაში მქონდა შენახული მთელი ჩემი პენსიაააა!!!
ავტორი