დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ეპიდვითარების მიხედვით საქართველოში ოთხი ცხელი წერტილი რჩება.
კერძოდ, ესაა მესტიისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტები, ქობულეთი და გარდაბანი-ყარაჯალარი.
„ცხელ წერტილად და ჩაკეტილად რჩება ლენჯერი, თუმცა 12 დღე სრულდება კარანტინის დაწესებიდან და მასიურად იქნება გატესტილი დღეს მესტიაში არსებული დაახლოებით 700 ადამიანი, ვინც კარანტინში და თვითიზოლაციაში იმყოფებიან, თანდათან დაიწყება შემსუბუქების პოლიტიკა. კარგია, რომ თვითონ მესტიის მუნიციპალიტეტში ადგილზე ტესტირებისას ბოლო ოთხი დღის განმავლობაში ახალი შემთხვევა აღარ დაფიქსირებულა. ასევე, კარგია, რომ მოსახლეობამ დამყოლობა გამოიჩინა და ვისაც მოგზაურობის ისტორია ჰქონდა, დაახლოებით 1246-მა ადამიანმა თბილისში და სხვა ქალაქებში, მიმართა სამედიცინო ცენტრებს და ჩაიტარა ნებაყოფლობითი ტესტირება.
მეორე წერტილია ყაზბეგის მუნიციპალიტეტი, სადაც 14 შემთხვევა გვაქვს, არ მომატებულა. საყურადღებო წერტილი გაჩნდა ქობულეთთან დაკავშირებით, კაფე „ჰავანასთან“ დაკავშირებული, აქედან ორი უშუალოდ თანამშრომელია. სულ არის ხუთი ინფიცირებული. დღეს გვაქვს ქობულეთის ერთი შემთხვევა, მაგრამ ის ამ კლასტერთან არ არის დაკავშირებული.
კლუბი ამ მომენტისთვის დაკეტილია. დღეს საკოორდინაციო საბჭოზე განხილული იქნა ქობულეთში და აჭარის რეგიონში ტესტირების გაფართოება პრევენციული მიზნით. გარკვეულ საყურადღებო ადგილად რჩება ისევ გარდაბანი-ყარაჯალარი. საკარანტინო ღონისძიებების მოხსნის მიუხედავად, იქ გრძელდება ტესტირება, თუმცა არ არის ისეთი დამყოლობა, როგორც გვინდა“ ,_ განაცხადა ამირან გამყრელიძემ.































































