სოციალური სამართლიანობის ცენტრის განცხადებით, “ოცნება” სამოქალაქო საზოგადოებას გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მონაწილეობის ფორმალურ შესაძლებლობას ართმევს.
“2025 წლის 19 თებერვალს „ქართულმა ოცნებამ” პარლამენტში დაარეგისტრირა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც მმართველობის სხვადასხვა სფეროში მნიშვნელოვან გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში არასამთავრობო სექტორის სავალდებულო ჩართულობის წესს ცვლის. ეს ინიციატივა პრაქტიკულად აუქმებს სამოქალაქო საზოგადოების და დაინტერესებული მოქალაქეების მონაწილეობას საჯარო გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში, რაც ეწინააღმდეგება ღია მმართველობის, ჩართულობისა და ანგარიშვალდებულების პრინციპებს.
აღნიშნული ცვლილებები ავტორიტარიზმის კონსოლიდაციისკენ გადადგმული მორიგი ნაბიჯია. სახელმწიფო მმართველობის პროცესებიდან სამოქალაქო ორგანიზაციების ჩამოშორება დემოკრატიული სტანდარტების შესუსტებას და ხელისუფლების გაძლიერებულ კონტროლს ემსახურება, რასაც აუცილებლად მოჰყვება სოციალური და ეკონომიკური უთანასწორობის გაღრმავება, სამართლებრივი დაცვის შესუსტება და სოციალური კონფლიქტების გაღრმავება, რაც ავტორიტარული რეჟიმისთვის სასურველ შედეგს წარმოადგენს”,_ აცხადებს სოციალური სამართლიანობის ცენტრი.