„ქვეყანაში, სადაც მთავარი გზავნილი არის ერთმანეთის ლანძღვა, მშვიდობა ვერ შენარჩუნდება. ჩვენი დასავლელი პარტნიორები გაოგნებულები არიან იმ რეალობით, რომელიც დღეს ქვეყანაშია შექმნილი. იმ პრობლემების ნიაღვარიდან, რომელშიც კარგა ხანია შევტოპეთ, თავის დაღწევა ძალიან რთული იქნება“, _აღნიშნა „გურია ნიუსთან“ პოლიტოლოგმა სოსო ცისკარიშვილმა.
მისივე თქმით, დღეს პოლიტიკური პარტიები საქმის კეთების ნაცვლად, ერთმანეთის ლანძღვით არიან დაკავებულნი, რაც ქვეყნის განვითარებას ხელს არ უწყობს.
ცისკარიშვილი საარჩევნო კოდექსის ცვლილების, სამართლიანობის აღდგენისა და მასშტაბური საკადრო პოლიტიკის განხორციელების აუცილებლობაზე საუბრობს.
„უკვე ექვსი წელია ორი პარტია ერთმანეთის ლანძღვისა და ჭამის მეტს არაფერს აკეთებს. პარტიის წევრები კი არასდროს დაფიქრებულან, რომ ერთ ქვეყანაში ცხოვრობენ, რომლისთვისაც ერთობლივად სასიკეთო საქმის გაკეთება შეუძლიათ.
ვიდრე საარჩევნო სისტემა არ შეიცვლება, სამართლიანობა არ აღდგება და მასშტაბური საკადრო ცვლილებები არ გახორციელდება, მოსახლეობა ყოველთვის მოტყუებულის როლში აღმოჩნდება. პოლიტიკური პროცესებიდან გამომდინარე თუ ვიმსჯელებთ, ჩანს, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი მალე ზურგს შეაქცევს პოლიტიკურ პარტიებს, მათ შორის, მმართველ პარტიას, რომელიც რუსულ ოცნებად გადაიქცა“,_აღნიშნა ცისკარიშვილმა.