ჩვენ მიერ ცოტა ხნის წინ გავრცელებულ ინფორმაციას, რომელშიც “ქართული ოცნების” ჩოხატაურის პარტიული სიის მეხუთე ნომერი დავით შარაშიძე ამბობს, რომ “ქართული ოცნების” ოფისში მას “შენების მოძრაობის” კანდიდატის გოჩა მეგრელიშვილის შვილთან წინასაარჩევნო კამპანიის დროს ურთიერთობის გაწყვეტა მოსთხოვეს, პარტიის აღმასრულებელი მდივანი გამოეხმაურა:
_ მე ვუთხარი დავით შარაშიძეს, რომ მეგრელიშვილთან არ გადაკვეთილიყო ამ საარჩევნოდ და ამაში პრობლემას ვერ ვხედავ, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ბექა გამდლიშვილმა, რომელიც პარტიულ სიაში მეორე ნომერს იკავებს.
შეგახსენებთ, რომ G_News TV-ის ყოველდღიურ დებატებში დღეს ერთმანეთს „შენების მოძრაობის“ ჩოხატაურის მერობის კანდიდატი გოჩა მეგრელიშვილი და „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ირაკლი კუჭავა დაუპირისპირდნენ. გადაცემის მსვლელობისას, გოჩა მეგრელიშვილმა ირაკლი კუჭავას ბრალი დასდო, რომლის თანახმადაც, მმართველის პარტიის მერობის კანდიდატი, პარტიული სიის მეხუთე ნომერს, დავით შარაშიძეს მის შვილთან ურთიერთობას უკრძალავს:
_ შენ დაიბარე დავით შარაშიძე და უთხარი, რომ ჩემს შვილთან, გიორგი მეგრელიშვილთან, რომლის შვილიც ნათლიაცაა არჩევნებამდე არ იმეგობროს. აი, ასეთ მეთოდებს მიმართავ შენ და უნდა გრცხვენოდეს ამის, _ მიმართა კუჭავას მეგრელიშვილმა, რაზეც „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა უპასუხა, რომ ის ცრუობდა:
_ იტყვილები. მსგავსი საუბარი არ ყოფილა და ეს შემიძლია შარაშიძესთან ერთადაც გითხრა. ის ვერ იტყვის, რომ მე მსგავსი რამ ვუთხარი, _ უპასუხა კუჭავამ.
„გურია ნიუსმა“ აღნიშნული გადაცემის დასრულებისთანავე გადაამოწმა. დავით შარაშიძემ დაგვიდასტურა, რომ ასეთი საუბარი შედგა, თუმცა იმ პირის ვინაობას, ვინც ეს უთხრა არ დაუსახელებია.
გოჩა მეგრელიშვილის და ირაკლი კუჭავას ხმაურიანი და დაძაბული დებატები ჩვენს ვებგვერდზე 11 საათზე გამოქვეყნდება.